„მონაწილეობდა თუ არა პაპიძის ქმარი ომარ ქაფიაშვილი როგორც სნაიპერი, ლაფანყურის ოპერაციაში?“ – ამის შესახებ საუბარი იყო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის საქმის მასალებზე გასულ ფილმში, რომელიც „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერაა მომზადებული.
„სერჟანტი ქაფიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს სნაიპერთა ოცეულის სნაიპერია 2012 წლის იანვრიდან დეკემბრამდე. უცნაურია, რომ სნაიპერების ოცეულის სნაიპერი 2012წლის დეკემბერში მოულოდნელად სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერატიული თანამშრომელი ხდება. რატომ უცვლიან კვალიფიკაციას გამოცდილ სნაიპერს და ეს მაინცდამაინც 2012 წლის დეკემბერში რატომ ხდება? 2012 წლის დეკემბერი კვალიფიციურ საქმეებთან ლაპფანყურის ცნობილი ოპერაციით არის დაკავშირებული. მონაწილეობდა თუ არა ქაფიაშვილი, როგორც სნაიპერი ლაფანყურის ოპერაციაში? ლაფანყურის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრების მტკიცებით, ამ ოპერაციის მონაწილე სნაიპერებს ოპერაციის შემდეგ მალევე სხვადასხვა მიმართულებით შეუცვალეს საქმიანობის პროფილი. ომარ ქაფიაშვილიც სნაიპერთა ოცეულიდან სწორედ ამ დროს გადაიყვანეს. შეიძლება ყოფილიყო თუ არა ერთმანეთთან კავშირში ქაფიაშვილის ძველი პროფესია, რომელიც მრავალ საიდუმლოსთან იქნებოდა დაკავშირებული და მისი მკვლელობის რამდენიმე უცნაური დეტალი, გამოძიებას ამაზეც უნდა ემსჯელა“ – ნათქვამია ფილმში.
გარდა ამისა, ფილმში საუბარია ქაფიაშვილის მანქანის ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ამოღებულ საფულეზე და მასში ნაპოვნ საეჭვო ფურცელზე.
„ქაფიაშვილის მანქანის ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ქაფიაშვილის კუთვნილ საფულეში ფულთან ერთად ფურცელზე ჩამოწერილი რამდენიმე მიახლოებითი მისამართი და ტელეფონის ნომერი იპოვეს. ნომრების გვერდით მიწერილია თანხის რაოდენობა და სიტყვა – „კარგია“ – აღნიშნავენ ფილმში.
გამომძიებელი რეპორტიორის თქმით, აღნიშნული ნომრიდან ერთ-ერთზე დარეკვით გაირკვა, რომ ნომრის მფლობელი საათობრივად გასაქირავებელი ბინების მეპატრონეა.
ჟურნალისტი სვამს კითხვას, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი ეს ჩანაწერი – მის საქმიანობას, თუ პირად ცხოვრებას.
სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ბინები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის პროფესიულ საქმიანობასთან.
„როდესაც ასეთ თანამშრომლებზეა საუბარი, ყველა ვარიანტში გამოძიება უნდა წასულიყო მის სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის კვალის სავარაუდო არსებობასთან. თუ ეს გამოირიცხებოდა, უკვე სხვა ვერსიებზეც შეიძლებოდა საუბარი“ – აღნიშნა ფილმში ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს, მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მიერ მიერ არჩეულმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ პაპიძე დამნაშავედ ცნო, ხოლო მოსამართლემ კი მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.