აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოჯახებში დადიან და ამბობენ, რომ არიან “ნაცმოძრაობიდან”, ანუ ბურჭულაძისგან”

 

„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წინააღმდეგ დაიგეგმა და დაიწყო ახალი მართული კამპანია, რომელიც კვლავ მიზნად ისახავს პარტიის რეპუტაციის შელახვას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.” განცხადებას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი აკეთებს.

ჯანდიერის თქმით, დაგეგმილი პროვოკაციების უკან მმართველი პარტია დგას, რომელსაც როგორც დავით ჯანდიერი განმარტავს, ბურჭულაძის პარტიის რეიტინგის ზრდა აღშფოთებს.

“მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან, რათა პაატა ბურჭულაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაეკავშირებინათ, ამჯერად, იგივე მიზნით, სხვადასხვა სოფლებში გამოჩნდნენ კარგად დატრენინგებული აგიტატორები, რომლებიც ოჯახებში დადიან და ამბობენ, რომ არიან “ნაციონალური მოძრაობიდან”, ანუ პაატა ბურჭულაძისგან. ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, უკვე პირდაპირი გზით ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან: უკვე კარდაკარ სიარულით ცდილობენ მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. ეს გახლავთ ბრძოლის მდაბიო ხერხი, რომელიც იმიტომ გახდა საჭირო, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დამოუკიდებელი, ძლიერი და კონკურენტული ძალაა. ამის მიზეზი არის ჩვენი რეიტინგის ზრდა, რაც დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“.

იმ ფონზე, როდესაც მმართველ პარტიასთან ასოცირებული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები საჯაროდ მიუთითებენ, თითქოს პაატა ბურჭულაძე ხშირად ჩადის ოდესაში, ცხადზე ცხადია, რომ პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისთვის აგიტატორების გააქტიურება ხელისუფლების ისტერესებშია – გაგვაიგივოს მათთვის უკვე კომფორტულ ძალად ქცეულ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. არც ხელისუფლებას და არც “ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს მესამე, ახალი, ეროვნული ოპოზიციური ძალის არსებობა და ამიტომ ხელისუფლება ხან ფარული ჩანაწერებით გვებრძვის, ხან სუს-ით და ახლა უკვე პირდაპირ აგიტატორების მეშვეობით.

ამ ე.წ. აგიტატორების ქმედება ასევე შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, ვინაიდან ისინი მოსახლეობას ერთის მხრივ ეუბნებიან, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ დაარსა „იავნანას“ შვილობილი ფონდი და მეორეს მხრივ, თითქოსდა ქველმოქმედების მოტივით ცდილობენ გამოსტყუონ თანხა.

ჩვენ მოგვაწოდეს ვიდეოჩანაწერები, სადაც ხაშურის რაიონის სოფლების მიწობისა და წრომის მოსახლეები ყვებიან ამგვარი ფაქტების შესახებ.

დაუყონებლივ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან – აღკვეთოს პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და ამავდროულად დანაშაულის ნიშნების შემცველი კამპანია, რათა მოგვეცეს არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში წარმართვის შესაძლებლობა.” ნათქვამია დავით ჯანდიერის განცხადებაში.

იტვირთბა....