აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

მოვითხოვთ!!! – პროტესტის ახალი ტალღა თსუ-ში (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=i5I0mPzxPNc

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის  პირველი დღე პროტესტის ფონზე დაიწყო. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები ახლადარჩეული რექტორის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია შარვაშიძის კანდიდატურას აპროტესტებენ და უნივერსიტეტისთვის ავტონომიას ითხოვენ.

უნივერსიტეტში გია შარვაშიძეც მივიდა, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, შარვაშიძე წლების განმავლობაში იყო განათლების მინისტრის მოადგილე და მაშინ შეეძლო უნივერსიტეტისთვის რეალური ავტონომიისთვის ხელი შეეწყო, რაც მას არ გაუკეთებია.

სტუდენტური აქციის გამო, უნივერსიტეტში პირველკურსელების მიღების ტრადიციული ცერემონია ვერ შედგა, თუმცა მოგვიანებით რექტორმა განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად უნივერსიტეტის შენობაში ცერემონია აღასრულა.

შარვაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „აუდიტორია 115“ არარეგისტრირებული NGO-ა და მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი.

”აუდიტორია 115”-ის ნაწილის გამოსვლა ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს, არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ ალბათ მეტი სტუდენტის რეკურტირებაა საჭირო. ჩვენი ინტერესია ზუსტად ის, რასაც ახლა ყვირიან. ”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წევრი არ არის სტუდენტი, თან არის მაღალი პოლიტიკური გრადუსი შემოტანილი”, – განაცხადა გია შარვაშიძემ.

„აუდიტორია 115-ის“ წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც თავიანთი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს:

“სტუდენტები უკვე წლებია ვიბრძვით ავტონომიური უნივერსიტეტის შესაქმნელად.

23 სექტემბრის რექტორის არჩევნებმა აჩვენა, რომ გრძელდება მავნე პრაქტიკა, როდესაც მმართველი პარტია უხეშად ერევა შიდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კანდიდატი, რომელიც რექტორად მოგვევლინა, ერთი მხრივ, სარგებლობდა მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მეორე მხრივ, კი მან მოახერხა შიდა კლანებთან გარიგება, შესაბამისად, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვის “აირჩევდნენ” რექტორად.

აუდიტორია 115-ის მოთხოვნები სახელმწიფოსა და უნივერსიტეტისგან კვლავ უპასუხოდ რჩება. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტია, გაურკვეველია სახელმწიფოს პოზიცია განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. გაუსაძლისი მდგომარეობაა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. სტუდ. ქალაქებში გამოყოფილ ადგილთა მცირე რაოდენობა ვერ აკმაყოფლებს სტუდენტთა რეალურ მოთხოვნას.

უმძიმესი მდგომარეობაა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის კუთხითაც. გარე რეფერირების მექანიზმის არარსებობის გამო, უნივერსიტეტში გამეფებულია აკადემიური კორუფცია და კლანური მმართველობა.

გარდა ამისა, უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ იღებენ საკმარის დაფინანსებას, რის გამოც უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

ამ პირობებში უნივერსიტეტებში სამეცნიერო საზოგადოების ნაცვლად, გავლენები მოიპოვეს კლანებმა და სტუდენტურმა თვითმმართველობებმა, რომლებიც ერთად მოქმედებენ. ისინი წლების განმავლობაში, უნივერსიტეტების მწირ ბიუჯეტს, არამიზნობრივად ხარჯავენ. განათლების სამინისტრო და თსუ-ის ადმინისტრაცია, არ იღებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, აუდიტორია 115 აგრძელებს ბრძოლას ფუნდამენტური მოთხოვნებით, რათა დაიწყოს რეალური ცვლილებები.

მოვითხოვთ:

! ავტონომიურ უნივერსიტეტს

! გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას

! სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას

! სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას

! სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, მიეცეთ აკადემიური რეგისტრაცის შესაძლებლობა”- ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“ წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო: on.ge

იტვირთბა....