საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, გახსნა, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპია.
„7 თვის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო შესრულდა. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღდგენილია, არა მხოლოდ გარეგნული იერსახე, არამედ, სადარბაზოები, მათ შორის მხატვრობა, კედლის მოხატულობა, ეზოები, მთლიანად განახლებულია კომუნიკაციები და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია.
შემდეგი ეტაპები გულისხმობს მთელი საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას ზედა ქუჩების მიმართულებით; ასევე, აღდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ბაღების კომპლექსი. ეს იქნება, მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის – გახუთმაგებულია უძრავი ქონების ფასი; გარდა ამისა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში, ყველა ტურისტისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.