თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა “აუდიატორია 115”-ის წევრები 26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციას გამართავენ. ისინი რექტორის პოსტზე განათლების ყოფილი მინისტრის, გია შარვაშიძის არჩევას არ ეთანხმებიან.
მათი თქმით, აქციის მიზანია, შარვაშიძეს ის მოთხოვნები შეახსენონ, რაც უნივერიტეტის აქციების პერიოდში აუდიტორიას ჰქონდა.
“აუდიტორია 115”-ის წევრები განმარტავენ, რომ შარვაშიძემ განათლების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში ვერ მოაგვარა უნივერსიტეტში “ოდეერების”საკითხი.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის თქმით, კი ისინი აქციებს არ აპირებენ. როგორც „მეტრონომთან“ მან განაცხადა, ისინი დაელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს ახლადარჩეული რექტორისგან და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებენ.
„ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ საპროტესტო ტალღას. უბრალოდ ვამბობთ იმას, რომ რეალურად შესაძლოა ეს იყოს ავტონომიის შეზღუდვა, მაგრამ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს, რასაც განახორციელებს ახლადარჩეული რექტორი და ჩვენ ვიქნებით ობიექტურობის გარანტი, ადამიანები, რომლებიც ყველა ქმედებას, ყველა გადადგმულ ნაბიჯს გააკონტროლებს იმ კუთხით, რომ არ იყოს კანონდარღვევა, უნივერსიტეტისთვის წამგებიანი და საუნივერსიტეტო საზოგადოება ეთანხმებოდეს ამ ნაბიჯებს, რათა საბოლოო ჯამში უნივერსიტეტმა განვითარება ჰპოვოს“- განუცხადა „მეტრონომს“ ბახვა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აირჩია. საბჭოს 36 წევრიდან მას ხმა 21-მა წევრმა მისცა.