შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა:
“საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს) 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016 პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით – 24,318 გადამხდელს 1,012,477,408-80 ლარი; ბ) ნაწილით – 218 გადამხდელს 697,885-80 ლარი; გ) ნაწილით – 10 გადამხდელს 4, 691-40 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს, როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.