აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არიან ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატები

“მეტრონომი” წინასაარჩევნო პროექტს აგრძელებს. ჩვენ ფოთის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ მკითხველს.

ამჯერად,  ვაკის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს გაგაცნობთ. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაშიც  ამომრჩეველის ინფორმირებაა, რადგან დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს ეფუძნება.

მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. თუ „ქართული ოცნება“ მმართველობის ოთხწლიან მანდატს კვლავ მოიპოვებს, მმართველი პარტია 2020 წლისთვის  მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვას გეგმავს.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ყველაზე ძველი საარჩევნო სისტემაა და ის პირველად საფრანგეთში გამოიყენეს, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი majorité, რაც უმრავლესობას ნიშნავს.

აღნიშნულ საარჩევნო სისტემის გამოყენებისას  დეპუტატის მანდატებს იღებენ

მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობა (აბსოლუტური ან ფარდობითი) მიიღეს.

საქართველოში მაჟორიტარული სისტემით არჩევნები პირველად 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია იღებდა.  არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით.

აღმოჩნდება თუ არა 2016 წლის 8 ოქტომბერი არჩევნები, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ბოლოჯერ იქნება გამოყენებულ ამას 8 ოქტომბერს მიღებული შედეგიდან გავიგებთ.

ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში კანდიდატობისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის ახალი, სახე ელენე ხოშტარია იბრძოლებს. ბურჭულაძის მოძრაობის კანდიდატი ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა, ხოლო მმართველ გუნდს  რაგბისტი ბიძინა გეგიძე წარმოადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-3 ნომერი ელენე ხოშტარია ქართული პოლიტიკისთვის ახალი სახეა, თუმცა ხოშტარიას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა განათლება რუსეთში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  2004-2006 მან საქმიანობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაგრძო.  2007 წელს ევროპულ და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

2012 წელს ხოშტარიამ არასამთავრობო ორაგანიზაციაში გადაინაცვლა. ის  “საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ერთ-ერთი დამფუძნებელია.

„მეტრონომთან“ საუბარში  ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო დაშვებულ შეცდომებზე სწავლა. მისი თქმით სასამართლო სისტემაში ხარვეზები მისი პარტიის მმართველობის პერიოდში ნამდვილად არსებობდა. ხოშტარიას მტკიცებით,  საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სისტემა გაიმართოს.
„ხელისუფლებას აქვს მცდელობა ძალადობით წარმართოს წინასაარჩევნო პროცესი. ერთის მხრივ მემორანდუმის ქაღალედებს აფრიალებენ, მეორე მხრივ უმტვრევენ ადამიანებს ოფისებს. ჩემს ოფისზეც იყო თავდასხმა, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ და აქამდე არაფერი მსმენია ამ საქმეზე. ერთი რამ მინდა ცალსახად აღვნიშნო, ხელისუფლების მცდელობას, რომ მანიპულაციებით ფონი შექმნას ძალადობის, ეს საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ უბანში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გარკვეული შეკითხვები არსებობდა, სწორედ ასეთ უბანში მეყარა კენჭი. ჩვენ  ყველას უნდა დავანახოთ რაში მდგომარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლება. ეს არ არის ფასადური განახლება ეს ძალიან ძირეული განახლებაა. სწორედ ეს უნდა მივიტანეთ ადამიანებამდე. სხვა შემთხვევაში  ჩვენ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ გადავწყვიტე ვაკის ოლქში ვიყარო კენჭი. მომავალ პარლამენტში სასამართლოს განახლების კუთხით მუშაობას ვაპირებ. სასამართო ხელისუფლების გარდაქმნის პრობლემა არის არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური ნების საკითხი.  “ნაციონალური მოძრაობას” მუდმივად პრობლემა ჰქონდა არა იმიტომ რომ რაღაც გეგმა არ არსებობდა, არამედ პოლიტიკური ნების პრობლემა იყო. ამიტომ ჩემთვის როგორც კანდიდატისთვის, რომელიც ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობას იღებს, მთვარი არის, ის რომ მე ვიქნები ამ პოლიტიკური ნების ერთ-ერთი გარანტი“. -აცხადებს ხოშტარია.

კონკურენტებზე საუბრისას ხოშტარია ამბობს, რომ რეალურ გეგმას, ქვეყნის განვითარების კუთხით, მისი კონკურენტების მოსახლეობას ვერ სთავაზობენ.

„დღევანდელი ვითარების 2012 წელთან შედარება წარმოუდგენელია, რადგან 2012 წელს გარკვეული ნეგატივი და კითხვები ჩვენს მიმართ დაგროვილი იყო და ჩემს პარტიას, მოსახლეობამ მანდატი ჩამოართვა. ეს იყო ადამიანების გაბრაზებაც და უარიც. ეს დემოკრატიულ პროცესში ძალიან ნორმალური ვითარებაა. როდესაც პოლიტიკური პარტია ვერ პასუხობს გარკვეულ კითხვებს თუ მოთხოვნებს და ამის გამო ამომრჩევლისგან უარს იღებს, ჩვენ ეს სრული პასუხისმგებლობით მივიღეთ და მშვიდად, ღირსეულად გადავაბარეთ ხელისუფლება. ამის გამო ჩვენ ხალხზე კი არ გავბრაზდით ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, რომელიც პირდაპირ აყენებს ხალხს შეურაცხყოფას, არამედ ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები ჩვენს თავში. რაც შეეხება კონკურენტებს, ვერცერთი კონკურენტი ვერ ახერხებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს გამოსავალი. „ქართული ოცნება“ ჩაკეტილია ნეგატივში და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს რა ცუდი იყო ადრე. ისინი საზოგადოების განწყობებს აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან“. -ამბობს ხოშტარია.

პაატა ბურჭულაძის მოძრაობის სახელით, როგორც აღვნიშნე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე იყრის კენჭს. ჯაფარიძემ ჯერ საკუთარი  ლიბერტარიანული პოლიტიკური პარტია შექმნა, რომელსაც გამოკითხვების მიხედვით 5%-იანი ბარიერის გადალახვა სავარაუდოდ გაუჭირდებოდა. შემდგომ კი პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან გაერთიანდა.

ზურაბ ჯაფარიძე  ქართულ პოლიტიკაში 2012 წელიდან გამოჩნდა. რაც შეეხება მის განათლებას, ბურჭულაძის ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა 1999 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამათვრა. 2005 წელს GIPA-ში სახელმწიფო მმართველობის სპეციალობას დაეუფლა.

განათლებით ექიმ ჯაფარიძეს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. როგორც ბიოგრაფიიდან ვიგებთ , ის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაეროსა და ეუთოში მუშაობდა.

2000-2002 წლებში  ჯაფარიძე „ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.  შემდეგ საქმიანობა საქართველოში ეუთოს მისიაში განაგრძო. 2005-2011წლებში   „გირჩის“ დამფუძნებელი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასწავლიდა. 2006-2008 წლებში კი გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო.  2010-2012 წლებში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალ “ტაბულაში“ სტატიებს წერდა.

“მეტრონომის” რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად ჯაფარიძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” სპორტსმენ კანდიდატ ბიძინა გეგიძეს, მან 1980 წელს თბილისის პოლიტტექნიკური ინსტიტუტი დაამათავრა. განათლების მსგავსად მრავალფეროვნებით არც გეგიძის სამუშაო გამოცდილება გამოირჩევა.

პარლამენტის წევრობის მსურველ ბიძინა გეგიძეს მხოლოდ სარაგბო კლუბებში აქვს ნათამაშები.

ჯაფარიძის მსგავსად, “ქართული ოცნების” კანდიდატმაც უარი გვითხრა კომენტარზე, თუმცა განსხვავება გამოხატვის ფორმებში იყო. გეგიძემ ჯერ გვითხრა, რომ დროს ვაკარგვინებთ. ხოლო შემდგომ დროის “დაზოგვის” მიზნით პრესსამსახურის მეშვეობით უარი შემოგვითვალა.

საინტერესოა, ბატონ გეგიძეს ვინ ესაუბრება მედიის როლზე წინასაარჩევნო პროცესში?!

გვინდა განვმარტოთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულია თუ არა იგი, პოლიტიკოსები ამომრჩევლებთან თავდაპირველად მედიის საშუალებით ურთიერთობენ. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს პირისპირ ხვდებიან პოლიტიკურ შეკრებებსა და მიტინგებზეც, მაგრამ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც შუამავალს პოლიტიკურ სისტემასა და ხალხს შორის.

მედიის როლი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნების დროს, როდესაც ის იძენს მნიშვნელოვან ფუნქციას, დაეხმაროს ამომრჩეველს, გაერკვეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებში.

უაღრესად სამწუხაროა, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი კომუნიკაციის ამგვარ ფორმას ირჩევს. ვფიქრობთ, ეს უმთავრესად სწორედ მათთვის არის საზიანო.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....