საუკუნის განქორწინება-უკვე მესამე დღეა მსოფლიო მედია მსახიობების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაზე წერს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მთავარი მიზეზი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი გახდა.
ცნობისთვის, მსახიობები ერთად თამაშობენ ფილმში „მოკავშირეები“, რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა.
მარიონ კოტიარი 2007 წლიდან მსახიობ გიიომ კანესთან ცხოვრობს. მათ ერთი შვილი ჰყავთ.
თუმცა კოტიარი ინფორმაციას „ინსტაგრამზე“ უარყოფს:
„ეს იქნება ჩემი პირველი და ერთადერთი რეაქცია იმ გახმაურებულ ახალ ამბავზე, რომელიც 24 საათის წინ გაჟღერდა და მეც მომიყოლა თავის გრიგალში.
მსგავს ამბებს არასდროს ვპასუხობდი, რადგან არ მივიჩნევდი სერიოზულად. მაგრამ, ეს სიტუაცია ჩემს საყვარელ ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ, ვალდებული ვარ, ვისაუბრო.
პირველ რიგში, უამრავი წლის წინ, მე შევხვდი კაცს, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარული და ჩემი შვილის მამაა, და ასევე იმ ბავშვის, რომელსაც ახლა ველოდებით. ის ჩემი სიყვარულია, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი, ვინც მჭირდება.
მეორე, მათ, ვინც ამბობს რომ მე განადგურებული ვარ, მინდა ვუპასუხო, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დიდი მადლობა. მსგავსი გამოგონილი ჭორები ჩემთვის სტრესული არაა.
ასევე მივმართავ მედიის წარმომადგენლებს და იმ სიძულვილით სავსე ადამიანებს, რომლებმაც არ დაიშურეს სწრაფი რეაქცია და ჩემი კრიტიკა – სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
საბოლოოდ, კი ანჯელინას და ბრედს, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ, ვუსურვებ იპოვონ სიმშვიდე ამ ხმაურიან სიტუაციაში.
სიყვარულით, მარიონი“.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და გავლენიანი, ვარსკვლავური წყვილის დაშორება CNN-მა, BBC-მ, Reuters-მა, Guardian-მა, Independent-მა და დანარჩენმა გავლენიანმა სააგენტოებმა, მსოფლიოს Breaking News-ად ამცნეს.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია უკვე შეავსო.
ოფიციალურ მიზეზად „შეურიგებული უთანხმოება“ დასახელდა.
ინფორმაციას ბრედ პიტი გამოცემა People -თან გამოეხმაურა:
“ამ ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ბავშვები არიან. ვთხოვ პრესას, უფლება მისცენ ბავშვებს ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ შეეგუონ”- განაცხადა პიტმა.
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს. წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილები , სამი კი თანაცხოვრების პერიოდში გაუჩნდათ.