აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზეწოლა იყო მაჟორიტარებზე, თუ ახალგაზრდებს არ ჩამოიყვანდნენ, კანდიდატობას დაატოვებინებდნენ“

 „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი თაქთაქიშვილთან.

„იყო მაჟორიტარებზე ზეწოლა, რომ თუ ისინი ახალგაზრდებს არ ჩამოიყვანდნენ დღეს, 5 საათზე, მათ კანდიდატობას დაატოვებინებდნენ. ახალგაზრდებს კრებენ იმისათვის, რომ ჩვენ მიმართ ასე ვთქვათ, საპასუხო რეაქცია ჰქონდეთ“- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა „მეტრონომისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც თაქთაქიშვილი ამბობს,  ბურჭულაძის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია  50-მდე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და აქტივმა დატოვა. ორშაბათს, სანამ წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, 1 საათით ადრე მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავად განაცხადა, რომ მის მიმართ ბოლო ზეწოლა იგეგმებოდა და მის გაერთიანებას ახალგარდული ორგანიზაციის წევრები ტოვებდნენ.

„დღეს ბოლო ზეწოლა იქნება და ამით მორჩება, რადგან ახალგაზრდულიც წამოაყენეს. ზეწოლაა ყველაზე, ნახავთ თქვენ დღეს,12:00 საათზე რა მოხდება. ეს მე დღეს დილით გავიგე და თვითონაც იცოდნენ, რომ პრესკონფერენციას ვაკეთებდი. აუცილებლად ხალხი მოვიდეს ჭკუაზე და აირჩიოს მთავრობა რომელიც მას გამოადგება. დღევანდელი მთავრობა ღუპავს საქართველოს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე იმასაც ამბობდა, რომ გიორგი თაქთაქიშვილი სუს-ის თანამშრომლის ნათესავია, რასაც თაქთაქიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

ბურჭულაძის ამ განცხადებას, სულ ცოტა ხნის წინ გაერთიანებიდან წამოსული წევრი, ხათუნა ლაგაზიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძეს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება 20-25 წლის ახალგაზრდები დამოუკიდებელნი იყვნენ.

„ამ კაცს პატრონ-მყვარებელი არავინ შერჩა?! ურჩიეთ რამე: თუ მე ამიწყვია-დამიკომპლექტებია პარტია და ახლა მევე ვუშლი, მაშინ გამოდის რომ ჩემი პარტია ყოფილა და ეგ ვიღას დაკარგვია. თვითონ რომ სხვისი დანამატია, ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება 20-25 წლის ახალგაზრდები დამოუკიდებელნი იყვნენ და საკუთარი ღირსების და სინდისის ხმით იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს განსხვავებაა ბურჭულაძეს და ახალ თაობას შორის!“- დაწერა ლაგაზიძემ სოციალურ ქსელში.

პარტიიდან წამოსვლის რეალურ მიზეზებზე, ორგანიზაციაში შექმნილ კრიზისზე და ამასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „მეტრონომს“ გიორგი თაქთაქიშვილი ესაუბრა:

 

თავდაპირველად ვისაუბროთ მიზეზებზე, რატომ დატოვეთ პარტია?

ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, პარტია ორი თვის განმავლობაში სერიოზული კრიზისის წინაშე იდგა. თავიდან ეს ყველაფერი ფინანსური კრიზისის გამო დაიწყო. ჩვენ მზად ვიყავით ეს კრიზისი გუნდურად გადაგველახა, მაგრამ სამწუხაროდ, სიურპრიზად გაგვაცნეს ის, რომ ჩვენ ვერთიანდებოდით „გირჩთან“ და „ახალ საქართველოსთან“. ეს ყველაფერი იმ დღეს გავიგეთ, როდესაც ამ ორგანიზაციების გაერთიანების შესახებ განცხადება გაკეთდა, თუმცა ამის მიუხედავად მზად ვიყავით წავსულიყავით კომპრომისზე, რადგან პოლიტიკაში ხდება ხოლმე რაღაც პოზიციების დათმობა იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ამიტომ, ჩვენ მაშინ პოლიტიკურ მოძრაობაში დავრჩით, რადგან მოძრაობის ხელმძღვანელისგან მივიღეთ დაპირება იმის შესახებ, რომ ეს ისევ და ისევ მოძრაობისთვის კეთდებოდა და ის შეეცდებოდა ჩვენი პოლიტიკური ინტერესების დაცვას. მიუხედავად ამისა, მთელი ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად, სრული კაპიტულაცია, რაც აისახა კონკრეტულ მიმართულებებში. ჩამოიშალა პოლიტიკური გამგეობა, პოლიტიკური საბჭო, სტრუქტურები. ჩვენს მოძრაობას აღარ მართავდნენ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები და წარმომადგენლები, არამედ მართავდნენ „გირჩის“ წარმომადგენლები – კუბლაშვილები, მელაძეები და ა.შ. ამ განცდის გამო უამრავი ადამიანი ტოვებდა პარტიას და ჩვენი მოძრაობის ლიდერი არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი მოძრაობა. პირიქით, ის ღია ეთერების საშუალებით ადამიანებს ეუბნებოდა, რომ დაეტოვებინათ პარტია, შესაბამისად, აღარ არსებობდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.

მოძრაობა დატოვეს დამფუძნებელმა ლიდერებმა და იმ გუნდმა, რომელმაც ააშენეს პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. დაფუძნების დღიდან ჩვენ იქ ვიდექით. პოლიტიკური პარტიის ყრილობას თუ გადახედავთ, ოთხი ადამიანი გამოვედით  სცენაზე და ეს გუნდმა და პაატა ბურჭულაძემ გადაწვიტეს, რომ ეს ოთხი ადამიანი ავიღებდით პასუხისმგებლობას ამ მოძრაობის აშენებისთვის. ესენი ვიყავით მე, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და პაატა ბურჭულაძე. დღეს კი  ბურჭულაძის გარდა მოძრაობის არც ერთი სახე  არ დარჩა. ჩვენს საარჩევნო სიაშიც ნახავთ, რომ ათეულში პაატა ბურჭულაძეს მხოლოდ ორად ორი სახე დარჩა, რაც  სრულ კაპიტულაციას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ჩვენ ბატონ პაატას ბოლო დღემდე ვედექით გვერდში და მას ვთავაზობდით კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას თუ რა ბერკეტები უნდა ჰქონოდა პარტიას, რომ ის  8 ოქტომბრამდე გადარჩენილიყო და ფუნქციონირება იმის შემდეგაც გაეგრძელებინა.

შაბათს საკმაოდ რთული შეხვედრა გვქონდა. ბატონი პაატა დაგვპირდა, რომ ის მზად იყო ამ შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ჩვენ მისგან ნაბიჯს ველოდებოდით, ორშაბათს წამოსვლას არ ვაპირებდით, მაგრამ დილით, უცებ მან მედიას განუცხადა, რომ ახალგაზრდული მოძრაობა გარკვეული ზეწოლის შედეგად პარტიას დატოვებდა. სამწუხაროდ, ეს იყო შემხვედრი ნაბიჯი მისგან და მე ლეგიტიმური უფლება მაქვს იმისა, რომ ვთქვა – პაატა ბურჭულაძემ დათმო საკუთარი პარტია, ვერ დაიცვა მისი ინტერესები, დათმო ლიდერები, დამფუძნებლები და ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად ერთი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს მოძრაობა ყოფილიყო რეალური ალტერნატივა იმ უპასუხისმგებლო და უპრინციპო პოლიტიკისა, რაც ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში მკვიდრდება.

რამდენმა ადამიანმა დატოვა ახალგაზრდული ორგანიზაცია და რა ვითარებაა ახლა, პარტიას ყავს ახალგაზრდული მოძრაობა დღეს თუ – არა?

სწორედაც ახალგაზრდულმა მოძრაობამ ითამაშა მთავარი როლი ამ პარტიის დაფუძნებაში, სწორედ ამ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე იდგა ეს მოძრაობა, სტრუქტურულად და რესურსულადაც. გვყავდა  ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოძრაობა პოლიტიკურ სპექტრში.

ზუსტად ციფრებზე მანიპულირება არ მინდა, მაგრამ ორგანიზაცია დატოვა 50-მდე რაიონულმა ორგანიზაციამ, მათ შორის, თბილისისა და რეგიონების წარმომადგენლებმა, რომელთა უკან დგას ათობით და ასობით ახალგაზრდა, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ეს მოძრაობა.

თქვენც ახსენეთ, ორშაბათს, სანამ თქვენ პარტიიდან წამოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდით, პაატა ბურჭულაძემ ერთი საათით ადრე განაცხადა, რომ მასზე ბოლო ზეწოლა მზადდებოდა  – ახალგაზრდული ფრთა  მოძრაობას დატოვებდა. მან ხათუნა ლაგაზიძის შვილობილად მოგიხსენიათ. რას ნიშნავს ეს ფრაზა, რატომ მოგიხსენიათ ასე და რა ზეწოლაზე საუბრობდა ბურჭულაძე?

ის თავის დროზე ამბობდა, რომ მე მისი შვილობილიც ვიყავი და ვინმეს შვილობილობა, ვინმესთან მეგობრობა თუ დანაშაულია, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხათუნა ლაგაზიძეს რომ გავყოლოდი,   ხათუნამ 8 სექტემბერს დატოვა პარტია და იმის შემდეგ ჩვენ 10-12 დღე იქ ვიყავით. გვჯეროდა, რომ კიდევ არსებობდა შანსი, რესურსი და ბოლომდე ვენდობოდით პაატა ბურჭულაძეს, რომ ის დაიცავდა საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

რაც შეეხება ზეწოლაზე საუბარს, უხერხულია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ თავიანთ გულში ჩაიხედონ, მათ იციან ახალგაზრდები ვინ იყვნენ, რა როლი აქვთ ამ პარტიის მშენებლობაში. უხერხულია, როდესაც  ადამიანს, რომელსაც მთელი გულით გვერდში ვედექით დღეს ახალგაზრდებთან მეტი არაფერი დარჩენია, რომ თქვას  – თურმე  ზეწოლის შედეგად მივდივართ პარტიიდან.

სხვათაშორის, თუ გადახედავთ მოვლენებს, მე ვადასტურებ –  ჩვენი პარტიის წინააღმდეგ   ზაფხულში, ასევე გაზაფხულზეც, ნამდვილად იყო გარკვეული ზეწოლის ფაქტები. დეტალებში არ ვარ ჩახედული, მაგრამ ამას ჩვენი პარტიის აქტივის წარმომადგენლობა გვაცნობებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პოლიტიკურ მოძრაობებს გავუერთიანდით, რომლებიც სტუმრად მოვიდნენ და სამწუხაროდ, ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ისინი მასპინძლები და ჩვენ კი სტუმრები აღმოვჩნდით, ამის შემდეგ შეწყდა ზეწოლა ჩვენს მოძრაობაზე. დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდვია.

ხათუნა ლაგაზიძემ, როდესაც პარტიიდან წამოვიდა, განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა  და  დაცვაც მოითხოვა. ამ შემთხვევაში, თქვენი, ახალგაზრდული ორგანიზაციის მიმართ ზეწოლის რაიმე ნიშნები თუ შეინიშნებოდა?

იმედია აქამდე არ დაეცემიან და არავინ გაბედავს ზეწოლას, მაგრამ იმასაც ვადასტურებ, რომ დღევანდელი ბრიფინგის თემა იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა საზოგადოების გაერთიანების დაპირებით, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდები დააპირისპიროს. იყო მაჟორიტარებზე ზეწოლა, რომ თუ ისინი ახალგაზრდებს არ ჩამოიყვანდნენ დღეს 5 საათზე, მათ დაატოვებინებდნენ კანდიდატობას. ახალგაზრდებს კრებენ იმისათვის, რომ ჩვენ მიმართ ასე ვთქვათ, საპასუხო რეაქცია ჰქონდეთ.

ვინ არიან ეს ადამიანები?

ესენი არიან ორგანიზაციის ხელმძღვანელები, სამწუხაროდ. ისინი პოლიტიკური მარკეტინგის ხერხით ითვლიან და უნდათ, რომ მხოლოდ გიორგი თაქთაქიშვილს დაბრალდეს, რომ თურმე მარტო ჩემი რამდენიმე მეგობარი ტოვებს ორგანიზაციას და დანარჩენი იქ რჩება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალიდან მოჰყავთ ახალგაზრდები, მაჟორიტარებს ეუბნებიან, გააკეთონ ბრიფინგი, რომ ჩვენ გარკვეული მანიპულაციის მსხვერპლები ვართ და ახალგაზრდული ორგანიზაცია იქ რჩება. ღმერთმა თავის გზაზე ყველას გაუმარჯოს, ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ 50-მდე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და აქტივმა დატოვა ორგანიზაცია.

რას აპირებთ ახლა?

ჩვენ ვრჩებით 13 ივნისის თაობა, ცვლილებების თაობა და ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული იდეალები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს იდეალები ჩამოგვემსხვრია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენივე სფეროში იმ უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში  ბოლო 25 წელია მკვიდრდება და რაშიც სამწუხაროდ, ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....