დღეს დილით, ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში, 12-სართულიანი კორპუსების წინ არსებულ შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილმა ელექტროტრავმა მიიღო.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, ბადრი პაქსაძის ცნობით, 3 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა, მამა კი მის გადასარჩენად ჩავიდა, რა დროსაც ორივემ ელექტროტრავმა მიიღო.
“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დახვდა შემდეგი სურათი: ბენზეში, 12 სართულიანი კორპუსების წინ არსებულ შადრევნის აუზში ჩავარდა სამი წლის ბავშვი, მის გადასარჩენად გადახტა მამაც, მაგრამ ორივეს დენმა დაარტყა. ისინი დროულად ამოიყვანეს აუზიდან, თუმცა 35 წლის მამაკაცი მძიმედ, უგონო მდგომარეობაში იყო, რომელიც გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული”, – აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.
შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.