„ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოდესის მოქმედი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს.
ის ამ განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, მთავარი პროკურატურის მიერ მის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.
„დღეს თბილისში, ჩემმა მეუღლემ ჩაიბარა უწყება, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ჩემს ქართულ მისამართზე მივიდა. უწყებაში ნათქვამია, რომ ხვალ 18:00 საათზე, დაბარებული ვარ საქმეზე #074118157 (ე.წ. 26 მაისის საქმე) საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ: 1. აღნიშნულ საქმეზე გახლავართ არაერთხელ დაკითხული და გამოძიებისთვის უკვე მიცემული მაქვს სრული ინფორმაცია.
- აღნიშნულ საკითხზე დამატებით არაფერი მაქვს სათქმელი და ეს ასევე განმარტებული მაქვს გამოძიებისთვის.
- გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენების მიცემიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი საქართველოში და პროკურატურას ჩემს მიმართ დამტებითი კითხვები დღემდე არ გასჩენია.
- არც დღეს გასაჯაროვებულ ვიდეომასალასთან და არც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებულ სხვა ვიდეომასალებთან (რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უკვე ნანახი მაქვს) არავითარი კავშირი არ გამაჩნია.
- მე, როგორც ოდესის ოლქის ნაციონლური პოლიციის მთავარი სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი, ხვალ თბილისის დროით 16:00 საათზე მოხსენებით გამოვდივარ უკრაინის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ხოლო ჩემი დაბარების თარიღი და დრო ვერანირად ვერ ჩითვლება გონივრულ ვადად.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ დღეს პროკურატურის მიერ ჩემი გამოძახება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება კარსმომდგარ – 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშეშლისთვის.
ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედება ნაკარნახებია ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიშებითა და ინტერესებით“, – წერს გია ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე გუშინ დაიბარა და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.