„სამწუხაროა ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იმ ორგანიზაციის მშენებლები, რომელიც ახალგაზრდებს აპირისპირებს“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.
ბურჭულაძის გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციიდან წამოსული წევრები მზიურის პარკში შეიკრიბნენ. მათი თქმით, მზიური შეკრების ადგილად იმიტომ აირჩიეს, რომ 2015 წლის 13 ივნისს, სტიქიური უბედურების შემდეგ ახალგაზრდები სწორედ ამ ადგილზე გაერთიანდნენ.
„სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში საზოგადოების გაერთიანების დაპირებით მოვიდა და რომელსაც ჩვენ, გვერდით ბოლომდე ერთგულად ვედექით იმიტომ, რომ ეს იყო სწორი, საჭირო იდეა ჩვენი ქვეყნისთვის, 25 წლიანი უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკის დასრულებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დღეს ყველაფრის ფასად ახალგაზრდობა დააპირისპიროს.
ეს არის სწორედაც სუს-ის მეთოდები. ყველანაირ ზეწოლას მიმართავენ იმისათვის, რომ მოტყუებით, ზეწოლით ახალგაზრდები მიიყვანონ ცენტრალურ ოფისში და ერთმანეთის მიმართ დამაპირისპირებელი განცხადებები გააკეთებინონ“ – აღნიშნა გიორგი თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობა იდეების შეუთავსებლობის გამო 50-ამდე რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.
„სამწუხაროა ის, რომ ჩვენ აღმოვჩნით იმ ორგანიზაციის მშენებლები, რომელიც ახალგაზრდებს აპირისპირებს. დღეს მინდა განვაცხადო, რომ სწორედ ამ იდეების შეუთავსებლობის გამო 50-ამდე რაიონული ორგანიზაციის, მათ შორის, თბილისსა და რეგიონებში, ახალგაზრდები და მათ უკან ათობით და ასობით ახალგაზრდა ტოვებს პოლიტიკურ მოძრაობას. მზიურში შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სიმბოლურია ეს დღე. ჩვენ ვართ სწორედაც 13 ივნისის თაობა, სწორედაც ამ ადგილზე, სტიქიური უბედურების დროს მოხდა ჩვენი თაობის ერთგვარი პრეზენტაცია და გარკვეულწილად პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც 25 წელია ქვეყანაში მკვიდრდება. აუცილებლად, ამ მოძროაბის მიღმაც გავაგრძელებთ ბრძოლას უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს“ – განაცხადა აქციაზე გიორგი თაქთაქიშვილმა.
ნინო ცხადაია