ახალი ამბები ეკონომიკა ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

რთველი და არჩევნები: რატომ ვერ ამბობს მთავრობა უარს ყურძნის სუბსიდირებაზე?

შემოდგომის მოსვლასთან ერთად კვლავ აქტუალურია ყურძნის ფასისა და სახელმწიფო სუბსიდირების საკითხები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის რთველის სუბსიდირებისათვის 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ეტაპობრივად უარი უნდა თქვას მევენახეთა სუბსიდირებაზე, თუმცა ჯერ ეს დრო არ დამდგარა.

რატომ ვერ ამბობს მთავრობა უარს მევენახეების დაფინანსებაზე? ამ და სხვა საკითხებზე “მეტრონომი” ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს ესაუბრა.

მეტრონომი“: რამდენიმე კვირაა კახეთში რთველი მიმდინარეობს. შეგიძლიათ გვითხრათ ამ დროისთვის რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული?

“დღეს დილის მონაცემებით გადამუშავებულია 45 000 ტონამდე. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ რიგების პრობლემა ჯერ არ წარმოქმნილა, გარკვეული გამონაკლისის გარდა. კახეთში საკმაოდ სტაბილურად იკრიფება და ბარდება ყურძენი.

მთელი წლის განმავლობაში ღვინის ეროვნული სააგენტო სტატისტიკას აქვეყნებდა, საიდანაც ვიგებდით რომ ღვინის ექსპორტი გაზრდილი იყო. რატომ გახდა საჭირო კვლავ სუბსიდია?

“დიახ 42%-ით იყო ღვინის გაყიდვები გაზრდილი. აქ მნიშვნელოვანია ორ მომენტს მივაქციოთ ყურადღება. პირველი, ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ საშუალო ფასი ერთი ბოთლი ღვინის შემცირდა თუ არ ვცდები დაახლოებით 25%-ით. ორი წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ  დაახლოებით 60-70 ცენტამდეა შემცირებული ღვინის ფასი. რომ არ ყოფილიყო სუბსიდია ყურძნის ფასი იქნებოდა გაცილებით ნაკლები. ამიტომ სახელმწიფომ სუბსიდიის გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო რომ გლეხმა, მწარმოებელმა მიიღოს ისეთი შემოსავალი, რომელსაც დღეს იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა იმის ნახევარი ფასი რაც დღეს გვაქვს.

სუბსიდირების პოლიტიკას ეკონომისტები ცალსახად უარყოფითად აფასებენ. მმართველი გუნდის ეკონომიკურ გუნდს გრძელვადიანი გათვლები ძალიან უყვარს. მაგალითად ტურიზმის განვითარების ათწლიანი გეგმა და . … შეგიძლიათ გვთხრათ რამდენი წელია იმისთვის საჭირო რომ სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირება აღარ მოახდინოს და თავად ბაზარმა განსაზღვროს ფასი?

“როგორც აღნიშნეთ სუბსიდიას ყველა უარყოფითად უყურებს, თუმცა წარმატებული ქვეყნების უმეტესობა სოფლის მეუნეობის პროდუქციის სუბსიდირებას ახდენს. მათ შორის ღვინის დარგსაც.

მაგალითად?

“მაგალითად ევროკავშირი”

ევროკავშირის რომელი ქვეყნები?

“ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქცია სუბსიდირებულია. ევროკავშირის ქვეყნებმა ნელ-ნელა მოახერხეს სუბსიდირების სისტემიდან ექსპორტის ხელშეწყობაზე გადასვლა. ეს მიმართულება ჩვენ არჩეული გვქონდა თავიდანვე. მოგეხსენებათ, ქართული ღვინის ექსპორტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებული გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ ერთ რეგიონზე არ ვიყოთ კონცენტრირებული და სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაოთ. საკმაოდ კარგი შედეგიც გვაქვს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ექსპორტი. ვფიქრობთ, დარგი ძალიან მალე გაჯანსაღდება ისე, რომ სუბსიდირება აღარ დასჭირდება. როგორც გითხარით, სუბსიდირების გარეშე ყურძნის ფასი შესაძლოა ძალიან დაბალი ყოფილიყო.

მევენახეები აცხადებენ, რომ ღვინის ჩაბარებისას ძირითად პრობლემას ქარხნებთან არსებული რიგები უქმნით. მსგავის სიტუაციო იყო 2015 წელსაც, როგორც ჩანს ტენდენცია 2016 წელსაც გრძელდება. რა არის ამის მიზეზი?

“საკმაოდ უცნაური იქნებოდა რიგები რომ არ იყოს. რიგი არის ყოველთვის იმ ქარხნებთან სადაც ყურძენი ბარდება. მთავარია რიგი წინ მიდიოდეს. დიდი ხანია კახეთის რთველში ჩართული ვარ და რიგები თითქმის სულ იყო. რიგში დგომა პრობლემა არ არის. მთავარია, ყურძენი უპრობლემოდ მუშავდებოდეს. მთელი წელი გავიჭირვეთ და მოსავალი მოვიყვანეთ და ახლა რამდენიმე საათიც გავიჭირვებთ და რიგში ჩავდგებით.

ბატონო გიორგი მევენახეები რამდენიმე საათზე არ საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ დღეების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა

“ჩემი აზრით ცოტას აზვიადებენ.”

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....