“ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან, არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება, ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მიმართვაში სააკაშვილმა განათლების სისტემასა და უცხოეთში მიღებული განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა და მისი მთავრობის დროს მინისტრების სწავლის დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა.
“ყველა ქართველ სტუდენტს უნდა მიეცეს საშუალება ერთი წელი მაინც ისწავლოს უცხოეთში. როგორ ვაპირებთ ამის უზრუნველყოფას? ეს არის ვაუჩერების პროგრამა. ქართული ვაუჩერი ახლა ღირებულებით სულ უფრო უახლოვდება საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ ვაუჩერს. ამ ვაუჩერით საერთაშორისო აღიარებას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ჩვენი სტუდენტები წავლენ აღმოსავლეთეთ ევროპის ქვეყნებში და იქ მიიღებენ განათლებას და ჩვენ, სახელმწიფომ დამატებით იქ ცხოვრების ხარჯები უნდა ავუნაზღაუროთ.
იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ამისათვის საჭიროა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის გაძლიერება და საჭიროა უცხოეთში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა.
ყურადღება მივაქციე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს იმას, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის თუ ყოფილი მთავრობის წევრის განათლება დავაფინანსეთ უცხოეთში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ადამიანების განათლება დავაფინანსეთ, ყველა ქართველი, რომელიც მიღებული იქნა წამყვან 50 უნივერსიტეტში დასავლეთში, დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პროგრამა სხვადასხვა ფორმით მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს არსებობდა და რამდენიმე ათასი ქართველი სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით წავიდა უცხოეთში. მე ამით ძალიან ვამაყობ.
ამ სტუდენტების მონაცემებს არ გვაძლევს განათლების სამინისტრო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდოდა ჰქონოდა სრული მონაცემები. მას ინახავენ როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მათგანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მუშაობს. და ამიტაც ძალიან ვამაყობ”, -აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.