აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა მდგომარეობაშია გაზის მილების ქსელი თბილისში: „ეს დანაკარგები უნდა შემცირდეს“

რატომ არ პასუხობს „ყაზტრანსგაზი“ კითხვებს

 

ერთი კვირის წინ გაზის სუნმა თბილისის თითქმის ყველა უბანი მოიცვა. კომპანია „ყაზტრანსგაზი“ მომხდარს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნივთიერება ოდორანტი, რომელიც გაზისთვის სუნის მისაცემად გამოიყენება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

კომპანიის განცხადების პარალელურად, იმავე დღეს,  11 ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედეგად, საქმეში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე,  ირაკლი ხმალაძე ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ  ბუნებრივი აირის ტრანსპრორტირების სისტემაში ზედმეტი დოზით შეუშვეს ოდორანტი:

“გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ხდება ბუნებრივი აირის ოდორიზაცია.  გუშინ მოხდა ზედმეტი დოზით სისტემაში ოდორანტის შეშვება, რასაც ასეთი სუნი მოჰყვა. ამას არანაირი გაჟონვა არ მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს ამაზე. გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივი აირის ოდორიზაციაზე. მათ მიერ მოხდა დამატებითი ოდენობის შეშვება ტრანსპორტირების სისტემაში. მათ ჰყავთ თავიანთი მონიტორინგის სამსახური, რომელმაც დაიწყო მოკვლევა”,- თქვა მინისტრის მოადგილემ.

„ყაზტრანსგაზისა“ და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადების თანახმად, ოდორანტი გაზს მომხმარებლის გასაფრთხილებლად ემატება, რომ გაუმართავი სისტემიდან უსუნო გაზის გაჟონვამ საფრთხე არ წარმოშვას. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ მთელი თბილისის მასშტაბით იგრძნობოდა ოდორანტდამატებული ბუნებრივი აირის სუნი, წესრიგშია თუ არა მილსადენები, რომლითაც ქალაქის გაზით მომარაგება ხდება.

მოგვიანებით უკვე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში, „ყაზტრანსგაზის“ დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო სიმონიშვილმა განაცხადა, რომ სუნის დადგომა სწორედ ამ მილების დაზიანების მანიშნებელი იყო:

„ძველი ქსელია, რომელსაც ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის. საერთაშორისოდ დადგენილი ყველა წესის მიხედვით, ასეთი ქსელის ექსპლუატაცია საერთოდ არ შეიძლება,” – განაცხადა “ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა bpn-თან.

„მეტრონომი“ შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია ოდორანტის დიდი დოზით გაშვება გაზსადენ მილებში და რა საფრთხის წინაშე დგას თბილისი, თუ გაზმიმწოდებელი სისტემა მოძველებულია.

ოდორანტის დამატებაზე პასუხისმგებელია,  შ.პ.ს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ტორონჯაძემ,  „მეტრონომთან“ მომხდარის შესახებ ისაუბრა.

ლევან ტორონჯაძე: „მიმდინარეობს მოკვლევის პროცესი და აუცილებლად დაისჯება კონრეტული პირი. ეს (ოდორანტის დამატება) ხდება ხელით, ანუ ადამიანური ჩარევით და არა-ავტომატურად. ადრე შემოდიოდა ზარები, რატომ არ გაგვაფრთხილეთო. ეს არ არის სარეაბილიტაციო პროცესი, სისტემატურად ხდება და განკუთვნილია ადამიანების უსაფრთხოებისთვის. ბუნებრივ გაზს არ გააჩნია სუნი. იმისთვის რომ ადამიანებმა ის იგრძნონ, ემატება ოდორანტი.

ამ შემთხვევაში  ოდნავ გადაჭარბება მოუვიდათ.  ამიტომ იგრძნობოდა უფრო ინტენსიურად. ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობას არ ვნებს.

„მეტრონომი“:  მაშინ რატომ მოხვდა  11 ადამიანი საავადმყოფოში?

-არავის ინტოქსიკაცია არ ჰქონდა. ჩვენ ყველას მოსანახულებლად მივედით კლინიკაში და უკვე გაწერილები იყვნენ. ეს ნივთიერება ადამიანისთვის სახიფათო არაა, უბრალოდ,  პანიკამ მოიცვა მომხმარებელი.

-მოკვლევის შედეგად  ამ ეტაპზე უკვე  გამოვლენილია რატომ მოხდა დოზის გაზრდა?

-ვიცით რომ ტექნიკური გადაცდომა მოხდა, მაგრამ, რამ გამოიწვია და ვის მიერ, ჯერ დაუდგენელია.

– ოდორანტი გაზსადენ სისტემაში ხარვეზის აღმოსაჩენადაც გამოიყენება?

-ეს უკვე „ყაზტრანსგაზის“ კითხვებია. სხვა უბნებში რატომ გაჟონა და ვის რა დანაკარგები აქვს, ეს ჩვენ არ ვიცით.  ოდორანტს მხოლოდ მომხმარებლის უსაფრთხოების მიზნით ვიყენებთ. „

„მეტრონომი“  თბილისში არსებული გაზსადენი სისტემის შესახებ კითხვებით ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც ასევე „ყაზტრანსგაზთან“ გადაგვამისამართა.

შ.პ.ს.  „ყატრანსგაზი“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ემსახურება 384 055 გაზიფიცირებულ აბონენტს, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალური მომხმარებელს, მედიისთვის თითქმის დახურული, მიუწვდომელი კომპანიაა. მაგალითისთვის, „ყაზტრანსგაზს“ არ აქვს მედიასთან  ურთიერთობის სამსახური და შესაბამისად, არ აქვს საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. კომპანია მიიჩნევს, რომ განცხადებები, რომელსაც მომხმარებლის ინფორმირებისთვის ავრცელებს, საკმარისია და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა. „მეტრონომს“ თითქმის ერთი კვირა დასჭირდა კომპანიისგან იმ მცირე კომენტარის მოსაპოვებლად, რომელსაც რეალურად კომენტარი არც ეწოდება.

როგორც „ყაზტრანსგაზის“ საინფორმაციო ცენტრის  უფროსმა, მელანო მაისურაძემ განგვიმარტა, კითხვებზე, ოდორანტის მძაფრი სუნი თბილისში გულისხმობს თუ არა გაზსადენი მილების დაზიანებას, კომპანიამ განცხადებაში ამომწურავად უპასუხა:

„ ამ კითხვაზე პასუხი ჰქონდა კომპანიას განცხადებებში. სამწუხაროდ ხელმძღვანელობა დამატებით ინფორმაციას არ გასცემს.

„მეტრონომი“: კომპანიას განცხადებებში მითითებული ჰქონდა, რომ ოდორანტი უსაფრთხოა გამოყენებისთვის და გამოძახების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლი მივიდოდა მომხმარებელთან. ჩვენ გვაინტერესებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში  გაზის მიმწოდებელი ქსელი  დაზიანებულია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

-ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ვერ გააკეთებს.

„მეტრონომი“: საფრთხე არსებობს თუ არა თბილისში, ამაზე კომენტარს კომპანია ვერ გააკეთებს?

-ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ.“

გაუგებარია „ყაზტრანსგაზი“ რატომ მიიჩნევს, რომ მედიასთან ამგვარი ურთიერთობა კომპანიისთვის უფრო მომგებიანია. უპასუხოდ დატოვებული კითხვები, რომ უფრო მეტ და მძაფრ  კითხვას აჩენს, ეს „ყაზტრანსგაზისთვის“ ცნობილი უნდა იყოს. მკითხველს კი კომპანიის განცხადებებს შევახსენებთ, რომელიც ოდორანტის დამატების დღეს გავრცელდა. განცხადებებში თბილისში არსებულ გაზსადენ მილებზე და მათ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ არის:

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, -აცხადებდა კომპანია.

მოგვიანებით „ყატრანსგაზმა“ , ცხელ ხაზზე ზარების მკვეთრად მომატების გამო კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„აღნიშნულის გამო, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესებს აცნობს:

„კატეგორიულად აკრძალულია:

გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსოდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსოშივე რჩება);

ნებისმიერი ხელსაწყოთი და მეთოდით ბუნებრივი გაზის დატაცება:  გაზის მრიცხველზე ლუქის ახსნა, ანათვალის ჩამოყრის მცდელობა;

ყველა სახის არასტანდარტული თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;

გაზის ხელსაწყოების და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დანგრევა);

გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;

ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;

გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოდან გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება;

დასასვენებლად ან დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით გამთბობი ღუმელი;

სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება (გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების  ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი);

წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.

გახსოვდეთ, რომ:

უსაფრთხოების წესების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.“-აღნიშნულია  კომპანიის განცხადებაში.

შესაბამისად, ინფორმაცია, სადაც „ყაზტრანსგაზი“ თბილისში არსებულ გაზგამანაწილებელი მილების  მდგომარეობის შესახებ   განმარტავს, არ მოიძებნება.

„მეტრონომი“ მრავალი ცდის მიუხედავად ასევე ვერ დაუკავშირდა „ყაზტრანსგაზის“ დირექტორის ყოფილ პირველი მოადგილეს, სოსო სიმონიშვილს.  შესაბამისად, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტება, თბილისში გაზგამანაწილებელი მილების მოძველების შესახებ, ვერ მოხერხდა.

„მეტრონომი“  „ყაზტრანსგაზისთვის“ განკუთვნილი კითხვებით, (კომპანიისგან მტკიცე დუმილის შემდეგ),   ენერგეტიკისა  და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანს,  გია არაბიძეს დაუკავშირდა:

„მეტრონომი“: რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ  თბილისში გაზგამანაწილებელი მილები მოძველებულია და მათი ექსპლუატაცია საფრთხეს წარმოადგენს?

გია არაბიძე: „გაზის მილსადენების სისტემა არ არის დაზიანებული, ყველაფერი  წესრიგშია. არანაირი საფრთხე არ არსებობს.  უბრალოდ ,  ცოტა დიდი რაოდენობით აქვს დანაკარგები. ეს ადამიანებისთვის სახიფათო და საშიში არ არის.

ეს დანაკარგები უნდა შემცირდეს და ალბათ შემცირდება, მასზე მუშაობა მიდის. ტექნიკური რაოდენობის დანაკარგების სრულად გაქრობა შეუძლებელია, ამგვარი დანაკარგები მთელ მსოფლიოშია. სადღაც უფრო მცირე, თბილისში- უფრო მეტი. სისტემა ძალიან ძველი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მოაწესრიგეს. „-განუცხადა გია არაბიძემ „მეტრონომს“.

სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის მოწოდება შ.პ.ს. „ყაზტრანსგაზსაც“ შეეძლო, თუმცა ალბათ კომპანია უფრთხის შემდეგ კითხვას:

საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში, რომლის შესახებაც   ქალაქმა  ოდორანტის ჭარბი დოზით შეიტყო.

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....