ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ დაიკითხა.
მისი განცხადებით, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე კი მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო. მისივე თქმით, როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები.
მოწმის განმარტებით, მოგვიანებით დათა ახალაიას მოადგილე დავით ჩხატარაშვილისგან მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები:
“დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ აქვთ წარდგენილი.