ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, კოალიცია ”ქართული ოცნებაში” შემავალი პარტიები, კერძოდ, „რესპუბლიკური პარტია“ დაახასიათა:
”იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის, რომ სასწაული უნდა მოახდინო, ესენი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ითხოვენ ჩემგან, თუ ნახავთ მათ გამონათქვამებს. ამ ლეგენდის, რომ თურმე ”რესპუბლიკურ პარტიას” დავპირდი, რომ მთავარ პარტიად უნდა გამხდარიყო და პრემიერ-მინისტრი უსუფაშვილი უნდა ყოფილიყო, აღიარებას ითხოვენ ჩემგან და თუ ამას არ ვაღიარებ იმუქრებიან, რომ მაშინ დააბრუნე ის 2012 წელიო და იქ ჩვენ მარტო შევებრძოლებით ”ნაციონალურ მოძრაობასო” – ეს პრეტენზია აქვთ. ამხელა ამბიცია აქვთ. მარტო შევებრძოლებითო და ამ შებრძოლებაში, ალბათ, დამარცხებაც იგულისხმება. მე მათ წყევლის ნაცვლად, მაინც დავლოცავდი და შევახსენებდი, ”კავკასიელი ტყვე ქალიდან” სადღეგრძელოს, რომელშიც დიდი სიბრძნე დევს, რომ ადამიანს როცა ადღეგრძელებ (გინდა პარტია იყოს და გინდა სახელმწიფო), დაბალანსებულ პიროვნებას და ადამიანს მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ძალიან ახლოს უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილებები შეიძლება უსწრებდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა მათ შორის. მე ამ სადღეგრძელოს შევახსენებდი ”რესპუბლიკელებს” და მათი წყევლის ნაცვლად დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები დაეხლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე”, – განაცხადა ივანიშვილმა.