ახალი ამბები კულტურა მთავარი

ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.  ინფორმაციას შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი ინსტიტუტის ფეისბუქზე ავრცელებს:
„ყველას, ვისაც აინტერესებს ნობელის პრემიაზე საქართველოს სახელით წარდგენილი მწერლის ვინაობა, მოგახსენებთ, რომ ეს ავტორი არის ბატონი გივი მარგველაშვილი.
ნობელის პრემიაზე მისი წარდგენა, საქართველოს სახელით, ტრადიციულად, განახორციელა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ექსპერტთა საბჭომ. გასული წლის დეკემბერში ლიტერატურის ინსტიტუტიდან ნობელის კომიტეტში გაიგზავნა დაზღვეული წერილი, ნომინანტის ვინაობის მითითებითა და მისი შემოქმედების სიღრმისეული, დასაბუთებული ანალიზით. წერილს ხელს აწერს ლიტერატურის დარგში აღიარებული ხუთი ექსპერტი. გვაქვს წარმატების იმედი“! – წერს ირმა რატიანი.
ცნობისათვის, გივი მარგველაშვილი დაიბადა ბერლინში. მამას — ტიტე მარგველაშვილს — უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. მან 1913 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცა დისერტაცია ისტორიის დარგში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და გიმნაზიის მასწავლებლობას შეუდგა ქუთაისში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიხვეწა გერმანიაში. გივი მარგველაშვილის დედა — ასევე ქართველი ემიგრანტი, გვარად ხეჩინაშვილი — ადრე გარდაიცვალა, როცა გივი მარგველაშვილი და მისი უფროსი და ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.

ტიტე მარგველაშვილი, რომელიც ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის, 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მას თან ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრეტილ იქნა, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.

მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი. მისი დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

იტვირთბა....