შსს ენმ-ის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით გარდაბანში “ქართული ოცნების” წევრებმა ენმ-ის შტაბის წევრი და მისი და დაჭრეს და ცემეს, განცხადებით ეხმაურება:
„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა.
გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის. შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში მათი პარტიის საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ დანით შეიარაღებული აქტივისტები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს. მათივე ინფორმაცით, ამ შემთხვევის პარალელურად თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გივი ჩილაშვილის მამა, დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას ქუჩაში თავს დაესხა და სცემა.