აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რექტორის არჩევნები თსუ-ში: „მინისტრის ღია მხარდაჭერამ საუნივერსიტეტო საზოგადოება უნდა გამოაღვიძოს“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. განცხადებების მიღების ვადა ორი დღის წინ ამოიწურა. თსუ-ის საარჩევნო კომისიამ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა, – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე.

სტუდენტებისთვის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის არჩევნებში მონაწილეობა მიუღებელია. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის იყო ინსტიტუციური წესრიგის და კანონის პატივისცემის სადარაჯოზე. ის თვლის, რომ შარვაშიძის კანდიდატურა უნივერსიტეტის ავტონომიურობას შეზღუდავს.

შარვაშიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ „აუდიტორია 115-ის“ წევრებსაც, რომლებიც თვლიან, რომ  ავტონომია მისი რექტორობის პერიოდში ვერ აღდგება, ამასთან ერთად ეს არის დემოკრატიულობის პრინციპის რღვევა, როდესაც ადამიანი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციაში ხდება რექტორი.

როგორც „მეტრონომთან“ „აუდიტორია  115-ის“ წევრი გიორგი ჯავახაძე აღნიშნავს, შარვაშიძე განათლების სამინისტროში მოღვაწეობისას არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მარტის მოვლენების დროს სიტუაცია განმუხტულიყო.

„პირველ რიგში, გიორგი შარვაშიძე არის ადამიანი, რომელიც 1988 წლიდან განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი დაგროვებული ცოდნა ვერ უზრუნველყოფს ბოლო პერიოდში მისი განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობის პროცესში საუნივერსიტეტო სივრცის სტაგნაციიდან გამოყვანას. ის არც დგამდა ქმედით ნაბიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც მარტის მოვლენებისას დაძაბული სიტუაცია  რეალური ქმედითი ნაბიჯებით განმუხტულიყო. შესრულებულიყო ის მოთხოვნები ან დაწყებუიყო ამ ყველაფერზე მუშაობა, რასაც სტუდენტთა ჯგუფი „აუდიტორია 115“  ითხოვდა. ძირითად შემთხვევებში ის გასცემდა თავის გუნდთან ერთად დაპირებებს. მაგალითად იმას, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „აუდიტორია 115-მა“ წარადგინა იქნებოდა შესრულებული, თუმცა მან ეს არ გააკეთა და რამდენიმე სერიოზული დაპირება  შეუსრულებელი დარჩა. სხვათა შორის, იმ დაპირებებს ამოწმებდა ქალბატონი თამარ სანიკიძეც, როცა მინისტრი იყო და შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავაც, თუმცა არაფერი შეცვლილა“- აღნიშნა „მეტრონომთან“ გიორგი ჯავახაძემ.

მისი თქმით,  1998-99 წლებში განათლების სამინისტროში შარვაშიძის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომელიც ჯავახაძის თქმით, დასაზუსტებელია. გაჩენილ შეკითხვებს  „აუდიტორია 115“ მასთან შეხვედრისას გააჟღერებს.

„ვერანაირი ავტონომია მისი რექტორობის პერიოდში ვერ აღდგება, ამასთან ერთად ეს არის დემოკრატიულობის პრინციპის რღვევა, როდესაც ადამიანი საკუთარი დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციაში ხდება რექტორი. მას ძალიან მარტივად შეეძლო წლების განმავლობაში მოეხდინა ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს არ არის სწორი“- აღნიშნა „აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი ჯავახაძემ.

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის თქმით, რექტორის არჩევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს აკისრია სრული პასუხისმგებლობა, ამიტომაც ის 23 სექტემბერს, მათი საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმშია.

გუშინ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აკადემიური საბჭო შეძლებს ღირსეული რექტორის არჩევას. მან სტუდენტების მიერ დაწუნებულ კანდიდატს, გიორგი შარვაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერია,  კარგი გამოცდილებით.

„თვითონ უნივერსიტეტი ირჩევს თავის რექტორს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ, რომ ღირსეული რექტორი აირჩიონ. საქართველოში ადამიანს თუ სადმე უმუშავია ან იქნება ხელისუფლებაში ნამუშევარი ან კომერციულ სექტორში და თუ ვინმეს უნდა გაპროტესტება, გააპროტესტებს.  ბანკში რომ ემუშავა ბატონ შარვაშიძეს იტყოდნენ, რომ ბანკირი რად გვინდაო. რომ ემუშავა სკოლაში იტყოდნენ სკოლის ის რად გვინდაო.  მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული მენეჯერია, ძალიან კარგი გამოცდილებით,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ ადამიანის პროფესიული საქმიანობა მისი წარსულის ქმედებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს.

„ჩვენი პროტესტი არ ყოფილა ბატონი გიორგის პიროვნებასთან დაკავშირებით, ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ განათლების მინისტრის მოადგილე გათავისუფლებიდან ორ დღეში  გადმოდის რექტორის პოზიციაზე. ეს იყო ჩვენთვის ავტონომიის შეზღუდვა და არა ის, მას რა პიროვნული თვისებები აქვს. რაც შეეხება მის წარსულ გამოცდილებას, მენეჯერული კუთხით, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, აკადემიურმა საბჭომ უნდა მოიძიოს ინფორმაცია და შეაფასოს. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ყველა კონკრეტულ სიტუაციას თავისი დეტალები გააჩნია და ამიტომაც ამ ნიუანსების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და არა ზოგადი შეფასებებით“- განაცხადა „მეტრონომთან“ ბახვა კვირიკაშვილმა.

„აუდიტორია 115-ის“ წევრს, გიორგი ჯავახაძეს კი მიაჩნია, რომ თვითმმართველობის პროტესტი იქნება ფორმალური ხასიათის, რათა მათ გიორგი შარვაშიძისგან მიიღონ იმის გარანტია, რომ ის მათ პრივილეგიებს არ შეეხოს.

„როგორც ამბობენ, გიორგი შარვაშიძეს რექტორობამდე უკვე გაცემული აქვს რამდენიმე დაპირება, რომ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლებს რამდენიმე ადამიანს. ეს ადამიანები ასე პირდაპირ არ შემიძლია ვთქვა ვინ არიან, თუმცა შეიძლება იყვნენ ისინი, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს მფარველობენ და მათ ეშინიათ პრივილეგიების დაკარგვის. ამის გარდა, ჩვენთვის ცნობილია და კარგად დაინახა ყველამ, როდესაც წინა წლის ოქტომბერში სტუდენტურმა თვითმმართველობამ დაიწყო აქციები, სრულიად მოულოდნელად, დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ვლადიმერ პაპავას წინააღმდეგ, მათ დაიწყეს შიმშილობა, ისინი წავიდნენ სამინისტროში. ერთ დღეში დათმეს ყველანაირი თავისი პოზიცია და გაურიგდნენ სწორედ გიორგი შერვაშიძესა და ქალბატონ თამარ სანიკიძეს.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სწორედ სტუდენტური თვითმმართველობის პროტესტი იქნება ფორმალური ხასიათის, რადგან მათ მიიღონ გარანტიები გიორგი შარვაშიძისგან, რომ ის არ შეეხება მათ პრივილეგიებს. ამდენად, მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი იბრძოდნენ ავტონომიისათვის. მითუმეტეს, როდესაც უნივერსიტეტში ავტონომია საერთოდ არ არსებობს“- აღნიშნა გიორგი ჯავახაძემ.

რაც შეეხება რექტორობის მსურველ დანარჩენ ორ კანდიდატს, ცირა ბარამიძესა და გიორგი ბარამიძეს, „აუდიტორია 115-ის“ წევრი მათ დადებითად ახასიათებს და ფიქრობს, რომ გიორგი შარვაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში ღირსეული კანდიდატები არიან.

გიორგი ჯავახაძე ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გუშინდელმა განცხადებამ, სადაც მან შარვაშიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, საუნივერსიტეტო საზოგადოება უნდა გამოაღვიძოს.

„ეს ფაქტი ავტონომიის რღვევა და საუნივერსიტეტო საქმეში ჩარევაა. მე იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც გამოფხიზლდება საუნივერსიტეტო საზოგადოება, რომელიც ვალდებულია ამ ყველაფერზე ჰქონდეს რეაქცია.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ალბათ შედგება „აუდიტორია 115-ის“ შეხვედრა ყველა კანდიდატთან. ჩვენ მათ კონცეფციებს მოვუსმენთ, დავსვამთ კონკრეტულ კითხვებს და მხოლოდ ამის შემდგომ გვექნება უფრო მყარი პოზიცია, რა შეიძლება გაკეთდეს“- აღნიშნა  ჯავახაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით,  შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. აკადემიურ საბჭოში სულ  36 წევრია.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....