ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქვეყნის უშიშროებიდან გამომდინარე მოსმენები შეიძლება არსებობდეს, ისე ინფორმაცია ვერ აიკრიბება“

„ქართული ოცნების“ დიდუბის, #15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, მოსმენები შესაბამისი კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

მისი თქმით, სახელმწიფოში ქვეყნის უშიშროებიდან გამომდინარე გარკვეული მოსმენები შეიძლება არსებობდეს, ისე ინფორმაციები ვერ აიკრიბება.

“ზოგადად, რაც შეეხება მოსმენებს, არასანქცირებულ მოსმენებს, უკანონო მოსმენებს, ვინ იქნება ახლა ნორმალური ადამიანი თქვას, რომე ეს არის კარგი და მოსაწონი. სახელმწიფოში ქვეყნის უშიშროებიდან გამომდინარე გარკევული მოსმენები შეიძლება არსებობდეს, აბა ისე ინფორმაციები ვერ აიკრიბება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ მოსმენა უნდა იყოს იმ კანონების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ეკა ბესელიას თქმით, კი ხელისუფლების ინტერესში არ არის ჩანაწერის გასაჯაროება.

“დღევანდელ რეალობაში, როდესაც ასეთი ჩანაწერი საჯაროვდება, ეს არ არის ხელისუფლების ინტერესი და ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხიმგებლობა გააზრებული არ მოქმედებს ასე. იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ეს საუბარი  და ცალკე თემაა მისი შინაარსი, ასეთი სატელეფონო საუბარი საჯაროვდება ყველა იწყებს პერსონალური თავდასხმებს ინსტიტუტებზე მათ შორის უსაფრთხოების სამსახურზე, პოლიტიკურ გუნდზე და ასე შემდეგ. ამიტომ ქართული ოცნების ინტერესში არ არის ასეთი საუბრის გასაჯაროება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით,  ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან“ კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ასეთი საუბარი შედგა.

”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.

იტვირთბა....