არმაზ ახვლედიანი კახა კალაძეს საარჩევნო პროცესის პარალიზებაში ადანაშაულებს. ბათუმის #69 ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერების შანტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მონაწილეობს. არმაზ ახვლედიანის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს განკარგულება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რაც სასამართლოშიც გასაჩივრდა.
„ბათუმის საკრებულოს განკარგულება არ კრძალავდა ჩემს ბანერს, მეორე მხრივ დავინტერესდით ამ განკარგულებით და ჩვენმა იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ განკარგულება თავისი არსით ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. ამ თემებით ჩვენ მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოსამზადებელი სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშა და მე მჯერა, რომ მოასამართლე უერთგულებს კანონს და სამართლიანობას. მეორე საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით მოხდა შემდეგი რამ. გრიბოედოვის ქუჩაზე ამხანაგობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, კიდეც გადავიხადეთ თანხა, მაგრამ ამხანაგობის ხელმძღვანელმა ბოლო მომენტში უარი გვითხრა, მაგრამ ვერ დაასახელა ვისგან მიიღო ინსტრუქცია. ჩვენ გვაქვს სრული უფლება მივიდეთ და ეს პლაკატი იქ გავაკრათ, მაგრამ კარგად ვიცი რა დღეში შეიძლება ჩავაგდო ამ ჩემი მოქმედებით ჩემივე თანაქალაქელები. არ მიღირს არც ერთი პლაკატი და ბანერი და არც ერთი გამარჯვება იმად, რომ ჩემი თანაქალაქელები იყვნენ ამ დღეში, შეშინებულები, თავდაღუნულები, ამიტომაც ამას არ გავაკეთებ ახლა და ვიტყვი უარს იმ კედელზე საარჩევნო პლაკატის გამოკვრაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იგეგმება პარტიის გენერალური მდივნის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის კახა კალაძის მიერ. სწორედ მისი კონკრეტული უშუალო მითითებებით აქაური ქვეშევრდომები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ პარალიზება მოახდინონ საარჩევნო პროცესის და რეალური ოპონენტები გამოთიშონ საარჩევნო პროცესიდან. ეს ხდება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, არაერთხელ მივმართე პროკურატურას დაინტერესდეს ყველა იმ ფაქტით, რაზეც ორი თვეა ვსაუბრობ და ეხება შანტაჟს, გადაბირებას, მოსყიდვას და ამაში ჩართულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
მართალია კალაძე, აღარ არის მთავრობის წევრი, მაგრამ ის პირადად აძლევს მითითებებს სუს-ის ხელმძღვანელებს, ვის მოუსმინონ, ვინ აშანტაჟონ, ვისთან როგორი ურთიერთობები ჰქონდეთ, ეს არის უაშუალოდ მის მიერ მართული პროცესი, პირდაპირ ვადანაშაულებ მას და მოვითხოვ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში არის არნახული დემოკრატიული საარჩევნო კამპანია, ცოდავს, რადგან კვირიკაშვილი პრაქტიკულად მფარველობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებს, დაწყებული კალაძიდან დამთავრებული ვოლსკით, რომლებიც ქვეყანაში თავად ურევენ სიტუაციას და ამას სხვას აბრალებენ“.- აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
ჭავჭავაძის ქუჩიდან არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბანერი 11 აგვისტოს ჩამოხსნეს.