საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $834 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 84% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. რეიტინგში ინვესტიციების 33%-ით ($283 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
10-აშშ – $22 მილიონი
9- კვიპროსი – $22.2 მილიონი
8- ავსტრია – $22.4 მილიონი
7- პანამა – $30 მილიონი
6-სამხრეთი კორეა – $32 მილიონი
5-ჩეხეთი – $38 მილიონი
4-ნიდერლანდები – $42 მილიონი
3-თურქეთი – $85 მილიონი
2-გაერთიანებული სამეფო – $108 მილიონი
1- აზერბაიჯანი – $283 მილიონი
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $377 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($118 მილიონი) და ენერგეტიკა ($85 მილიონი). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 და 2015 წლებში მცირდებოდა, თუმცა 2016 წლიდან შემცირება ზრდამ შეცვალა.
რამდენიმე სექტორში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა. 2015 წლის პირველ ნახევარში სამთომომპოვებელ სექტორში $64 მილიონი ჩაიდო, წელს კი სექტორში ჩადებული ინევსტიციების მოცულობა $23 მილიონია. დამამუშავებელ მრეწველობაში გასული წლის პირველ ნახევარში $36 მილიონი ჩაიდო, წელს კი ინვესტიციებმა $31 მილიონი შეადგინა.
უმსხვილესი ინვესტორების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა). ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.
საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.