საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა ის არ გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღასრულებს მას.
„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონშემოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე – მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“.- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, ცესკომ საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე მრეწველები- ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაციიდან გასულ კვირას მოხსნა. განკარგულებაში ცესკო განმარტავდა, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.