პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელი დავით ჯანდიერი ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება:
როგორც ჯანდიერი აცხადებს, ჩანაწერი დამონტაჟებულია და იქიდან ამოჭრილია ფრაზა, სადაც ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის:
„სკანდალური არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს და დამოუკიდებელი მედიასაშუალების ლიდერს უსმენენ. ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები არის დეპოლიტიზებული.
საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია ის მონაკვეთი, როდესაც ბატონი პაატა ამბობს, რომ მე არც „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ვარ და არც „ქართული ოცნების“. ეს არის უკვე ნორმა, რომელიც შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში და რომელიც მიზნად ისახავს უკანონო მიყურადებას, უკანონო ჩაწერას და შემდგომში ამის გასაჯაროებას. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, ამაში ეჭვი არ გვეპარება და მისი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.
სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტიის სხვა წევრმაც, „ გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა:
„კერძო მედიასაშუალების ხელმძღვანელს და ნებისმიერ მედიასაშუალებას აქვს სრული უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. მათ ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერავინ ვერ აუკრძალავს. და როგორც „რუსთავი 2“-ს აქვს საკუთარი პრეფერენცია და შესაძლოა ჰყავდეს საკუთარი ფავორიტი პოლიტიკური ძალა, ისე სხვა ნებისმიერ მედისაშუალებას ჰქონდეს,“-აღნიშნა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გვარამია ბურჭულაძეს „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ საყვედურობს.