„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის გარდა პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრები“- ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა.
“აქ სკანდალური როგორც წერია, გამოქვეყნებულ მასალაში არის ერთადერთი რამ, სკანდალურია ჩაწერის და გამოქვეყნების ფაქტი. თავსითავად ფაქტია, ეს ჩანაწერი გაკეთებულია სუსის მიერ და გამოქვეყნებული მის მიერვე. სკანდალური ამ ჩანაწერში არაფერი არ არის. მე და ბატონ პაატას გავაკავშირებს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა. მე მისი გუშემატკივარი ვარ, კიდევ ბევრი ადამიანის გულშემატკივარი ვარ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაქვს კომუნიკაცია ყველა მათგანთან, პრო-დასავლურ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისთვის მისაღებია. ეს არ არის ერთი პარტია.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის გარდა პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრები. გუშინ ვესაუბრე შალვა ნათელაშვილს, შეგიძლიათ კითხოთ და ალბათ დაგიდასტურებთ. მაქვს კომუნიკაცია ასევე ირაკლი ალასანიასთანაც, არა მარტო პარტიის ლიდერებთან, პარტიის წევრებთანაც, მაგალითად თინა ხიდაშელთან, მესიჯი მაქვს მიწერილი ბოლო დღეების განმავლობაში და მას ჩემთვის. ამაში არანორმალური არაფერია, ეს ჩვეულებრივი რამ არის, მე პაატა ბურჭულაძეს უბრალოდ ვუთხარი, რომ ის განცხადებები, რომლებიც გამოქვეყნდა მიუღებელი იყო. ნახავდით, რომ ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება „ფეისბუქის“ მეშვეობითაც გავაკეთე. იქ იყო მთელი მიმოწერა, რაზეც მე ვუყვები ბურჭულაძეს, რომელიც ვიცი რომ არ არის „ფეისბუქში“ და მინდოდა, რომ მას ეს ინფორმაცია ჰქონოდა, გარდა ამისა, მე მინდოდა მეთქვა, რომ ეს არის ინფორმაცია რომელიც შეუძლებელია რომ არ გაშუქდეს და გაშუქდება საკმაოდ მსხვილად. მიუხედავად იმისა, რომ მან მთხოვა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე ეს არ მოხდესო, ჩემმა ჟურნალისტებმა ეს არ გაითვალისწინეს. ძალაუფლებას იმდენად არ ვფლობ, რომ მათი გადაწყვეტილებების შეცვლა მოვახერხო. ეს რაც შეეხებოდა შინაარს, მაგრამ აქ შინაარსი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ გვისმენენ, გვითვალთვალებენ და გვიღებენ“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩანაწერის გამოქვეყნება სწორედაც ხელისუფლებას აწყობს და აღნიშნავს, რომ სუსის გაკეთებულია.
„ეს არის ღია ხაზით საუბარი, რაზეც ხელისუფლებას მიუწვდება ხელი იმ კანონმდებლობით, რომელიც არსებობს და ასევე მიუწვდება ორ მხარეს – ეს არის „ჯეოსელი“, იმიტომ, რომ მე და პაატა ბურჭულაძეს ორივეს „ჯეოსელი“ გვაქვს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება. თუ სახელმწიფო აპირებს გამოძიების დაწყებას ამ ორი ფიგურანტის წინააღმდეგ და კითხვები აქვს ამერიკის ხელისუფლებასთან, ან შეკითხვები აქვთ „ჯეოსელთან“, მაშინ უნდა გვითხრან. მესამე ფიგურანტი კი არის თვითონ სახელმწიფო.
ეს „იუთუბზე“ დადებული არ იყო, რომ უკვე სამთავრობო სააგენტოებმა გაავრცელეს. „რეპორტიორმა“ საიდან გაიგო, რომ დადებისთანავე ეს ჩანაწერი არსებობდა. ის რომ სამთავრობო სააგენტოა, ვიცით ყველამ“- აღნიშნა გვრამიამ,
გარდა ამისა, გვარამია ამბობს, რომ აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი დამონტაჯებულია.
„ეს არ არის სრული ჩანაწერი. მე ბატონმა პაატამ შემახსენა, იმიტომ, რომ არც მისმენია თავიდან ბოლომდე. ჩვენ გვქონდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ საუბარი. მან მითხრა, რომ იმ საუბარში მე შენ გეუბნები, რომ მე არც სააკაშვილის ვარ, არც ხელისუფლების და კითხულობდა, რატომ თქვა მეგრელიშვილმა ასეთი რამ. მაგრამ, როგორც ბატონი პაატა მეუბნება, ამ გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს მონაკვეთი არ არის. ბურჭულაძემ ეს ამ საუბრის დროს არაერთხელ გამიმეორა, ის, რომ ამ საუბარში ეს არ არის, ნიშნავს იმას, რომ ეს დამონტაჟებულიც არის. ვის აწყობს, რომ ამტკიცოს, რომ პაატა ბურჭულაძე არ არის ნეიტრალური და ა.შ.? ერთადერთ ძალას – „ქართულ ოცნებას“- აღნიშნა გვარამიამ.
ის ამბობს, რომ ეს მისი შანტაჟის და ჩანაწერების გამოქვეყნების პირველი შემთხვევა არ არის. გვარამიას განცხადებით, მას უკვე ორი წელია აშანტაჟებს ხელისუფლება და ამის გამო ოჯახი გახიზნული ჰყავს.
„მე ხელს პირდაპირ ვადებ ადამიანს, რომელიც არის მანიაკალურად შემპყრობილი ადამიანების თვალთვალით და შანტაჟით, ხელისუფლებაში მოსვლამდეც ასე იყო, მას სძულს ნიკა გვარამია და ინგა გრგიგოლიაც. მე ხელს ვადებ ამ კონკრეტულ ადამიანს, ყველა დანარჩენი არის მისი შემსრულებელი და მარიონეტი. მე, როცა ხელისუფლება შეიცვლება ხელს არ დავადებ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ შემსრულებლები და მარიონეტები. მაგრამ ამ ყველაფრის შემოქმედს ამ ქვეყანაში ყოველთვის ხელს დავადებ“- განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მას ბიძინა ივანიშვილმა საქართველოდან და „რუსთავი 2-დან“ წასვლის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი შესთავაზა.
გვარამია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა ფიქრობს, რომ აქამდე არც ერთი საქმე ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია. ამის იმედი არც ახლა აქვს.