ახალი ამბები მთავარი სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი:„მოვუწოდებთ ბურჭულაძე-გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება გვარამია-ბურჭულაძის აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას. თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთხოვთ ჩანაწერის გამავრცელებელ მედიასაშუალებას მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩანაწერის მოპოვების წყაროს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტიით“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით,  ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ასეთი საუბარი შედგა.

”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.

 

იტვირთბა....