„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან“- ამის შესახებ „მეტრონომს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
საქმე ეხება მედიასაშუალებებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძეს შორის.
„აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა იგი მოპოვებული და გავრცელებული ჩანაწერი, ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო“- განუცხადეს სუს-ში „მეტრონომს“.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ასეთი საუბარი შედგა.
”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.