ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები: „პოლიციის დიდი ნაწილი ასე მუშაობას მიჩვეულია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ პოლიციელთა უმეტესობა მიჩვეულია მოქალაქისგან ზეწოლისა და ძალადობით ინფორმაციის მიღებას.

მესამე სექტორში გოდერძი თევზაძის პასუხისგებაში მიცემას დემურ სტურუას საქმეზე საკმარის რეაგირებად არ მიიჩნევენ.

„ეს არის სამწუხაროდ სისტემის გამოძახილი, რომელიც მოქმედებს დიდი ხანია ამ ქვეყანაში. პოლიციის დიდი ნაწილი მიჩვეულია ასე მუშაობას იმიტომ, რომ ეს ითვლებოდა ნორმად. ადამიანებზე ამგვარი უკანონო ზემოქმედება და შედეგად ინფორმაციის მიღება არის ჩვეულებრივი საქმიანობა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ძირეულად შეიცვალოს ეს მიდგომები. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ეს არ არის რთული საქმე, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, მაგრამ ყველაზე მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პოლიციამ ასე აღარ იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტრაგედიები არ იქნება ერთეული. ამით არ დამთავრდება ყველაფერი სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მექანიზმი, რომელიც მოქმედებს იმდენად უკანონო და უსამართლოა, რომ ძალიან დიდი რისკები არსებობს, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი ადამიანის ტრაგედია გამოიწვიოს,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები ამბობენ, რომ საგამოძიებო სამსახურის უმთავრესი ინტერესი ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვება უნდა იყოს.

„საგამოძიებო სამსახურის უმთავრესი ინტერესი უნდა იყოს მოიპოვოს ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის.  სახეზე გვაქვს არა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევა, არამედ ეს არის სისტემური პრობლემა,“-აცხადებს გურამ იმნაძე.

შეგახსენებთ, ორკვირიანი ძებნის შემდეგ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული ინსპექტორი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ამტკიცებს, რომ გამოძიებას არც ემალებოდა და ამ საქმეში უდანაშაულოა.  ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გოდერძი თევზაძემ შიმშილობაც დაიწყო და საკუთარი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნას ითხოვს.

იტვირთბა....