ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ს თანხა რეკლამისთვის გადაურიცხა

“ჩვენ, საბიუჯეტო თანხა, რომელიც მოგვეცა რეკლამისათვის, ტელევიზიებში გადავანაწილეთ მაქსიმალურად სამართლიანი და რეიტინგული პარამეტრებით”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოსო შატბერაშვილის ბრალდებას, რომელიც ნათელაშვილი მხრიდან „რუსთავი 2“-სთვის 100 ათასი ლარის გადარიცხვას ეხება.

ნათელაშვილის თქმით, ბიუჯეტიდან სარეკლამოდ გამოყოფილი თანხა, პარტიამ ტელევიზიების რეიტინგის მიხედვით გადაანაწილა.

“არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას. ეს არის ბიუჯეტიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც არც დაგვინახავს ახლოდან, უბრალოდ წერილებით გადავანაწილეთ ტელევიზიებზე როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. ზოგს შეხვდა მეტი გამომდინარე ამ ტელევიზიის განცვრობადობიდან და რეიტინგიდან, ზოგს შეხვდა საშუალო, ზოგს შეხვდა სამწუხაროდ ნაკლები, იმიტომ, რომ თანხა იყო ძალიან მცირე იმისათვის, რასაც რეკლამა ქვია, რადგან ივანიშვილის მთავრობა ჩვენთვის არანაირ თანხას იმდენს არ გამოყოფს, რომ ვასიამოვნოთ ყველა ჩვენი მეგობარი ტელევიზია. რაც შეეხება უბინძურეს ჭორებს, რა თქმა უნდა ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ”, – განაცხადა  ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა შალვა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დიდი ქონება „ბინძური გარიგებებით“ დააგროვა.

„შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ს 29 აგვისტოს 100 000 გადაურიცხა, გარდა იმისა, რომ მას გააჩნია უფასო საეთერო დრო, მან მაინც გადაურიცხა „რუსთავი 2“-ს ეს თანხა. დღეს შალვა ნათელაშვილს გახსნილი აქვს შპს, რომლის სახელწოდებაც არის „ნათელაშვილი და ნაციონალები“, და მისი ლოზუნგია თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ. შალვას აქვს ძალან დიდი ქონება და მთელი ეს უზარმაზარი ქონება მან დააგროვა ბინძური გარიგებებით სხვადასხვა ვითომდა მის მოწინააღმდეგე პარტიებიდან. ის გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელები, ჩვენთვის ცნობილი გახდა ეს, ისრაელის მოქალაქე, ვინმე ანატოლი მოტკინმა, რომელიც გახლავთ სააკაშვილის მოლარე, მას მიუტანა ავსტრიაში დიდი თანხა, რომელიც განათავსა ბელა ალანიამ ავსტრიის ბანკში, ამის დეკლარირება არსებობს”. – განაცხადა  შატბერაშვილმა.

იტვირთბა....