საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს. მათი თქმით, ამ ეტაპზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, ამჟამად მოლაპარაკებები კი სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსაიხობი ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. რამდენიმე თვეში 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ისინი გაათავისუფლეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.