პაატა ბურჭულაძის პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიორგი რუხაძის განცხადებას პარტიაში გამოეხმაურნენ. საპასუხო განცხადება “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ- ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა:
“ბ-ნი გიორგი ქ-ნ ხათუნასთან ერთად წავიდა 8 სექტემბერს და ამის მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა პირველ ხუთეულში. აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია და ცალკე განცხადების გაკეთება რაიმე ახალ მოვლენას ვერ შექმნის.
ბ-ნმა გიორგიმ თავიდანვე იცოდა ამ გაერთიანების შესახებ – გაერთიანება დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ვერ მიიღო მისთვის სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა იყო სიის ხუთეულში ყოფნა.
ძალიან, გულწრფელად მწყდება გული, რომ გიორგი რუხაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და სავარაუდოდ მომავალშიც შეეცდება ამ განცხადების შემდეგ აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსიდან შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება.
ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს აბსურდული ბრალდებების ტირაჟირება და სიაში ადგილების გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ნამდვილად დიდი სირცხვილია ისეთი ტყულის თქმა, რომ სია ჩვენს გუნდს არ შეუქმნია. ისიც ტყუილია, თითქოს პაატა ბურჭულაძე არ მართავს პარტიას და ისიც, თითქოს სიის ათეულში პაატა ბურჭულაძის მხოლოდ სამი წევრია – ათეულში პაატა ბურჭულაძის პარტიის 5 წევრია, ხოლო სრული სიიდან 100 ზე მეტი არის პაატა ბურჭულაძის პარტიიდან.