ახალი ამბები მთავარი

“სანამ მე შსს-ს მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დემურ სტურუასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხა. კითხვაზე,  დემურ სტურუას ახლობლების ვერსიით, რომ  ეჭვმიტანილ პოლიციელს ადგილობრივი პოლიცია მფარველობს, მღებრიშვილმა განაცხადა:

“მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს:

„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება. რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს, ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე,  რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ეჭვმიტანილის დაკავება, მინისტრმა განმარტა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები:
„ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....