ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვურჩევდი მათ, ნაბახუსევი არ მივიდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე“: ჩოჩელი ვოლსკის პასუხობს

,,ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გამოძიება უნდა დაიწყოს ჩოჩელის მხრიდან მცხეთაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე,  მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პასუხობს:

,,სრულიად სამარცხვინოა ეს განცხადება.  ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი. ის წუხელ იმყოფებოდა წეროვანში და სჯობდა თავის მეგობრისთვის დაესვა კითხვა, რატომ დასჭირდა დაახლოებით 250 კაცის მობილიზება სხვადასხვა სოფლებიდან და რაიონებიდან , როდესაც იმ დასახლებაში,  სადაც იმყოფებოდნენ იყო დაახლოებით 5500 ამომრჩეველი და იქიდან დაახლოებით 58 იმყოფებოდა შეხვედრაზე. ეს მეტყველებს იმაზე,რომ ფულის დარიგებაც, დაშინებაც და მოსყიდვაც სჭირდებათ ხუნდაძის დასახმარებლად. ვურჩევდი ნუ გადააყოლებენ თავის პარტიის ინტერესებს ხუნდაძის ინტერესებს.

ეს არჩევნები არც დასაწყისია და არც დასასრული. ურჩევნიათ სხვა თემებზე გაამახვილონ ყურადღება და უკვე სირცხვილია ამ კაცის ხელით ტარება სოფელ-სოფელ და სხვათაშორის მზადდება ერთი სარჩელი ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებით და ამ დღეებში შევა. მე ვურჩევდი მათ, ნაბახუსევი არ მივიდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ეს ინფორმაცია არის იმ ხალხის ინფორმაცია, შეგიძლია წახვიდეთ და იმ ხალხს ჰკითხოთ , ყოველ შემთხვევაში მთელი წეროვანი საუბარობს, რომ არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. მრცხვენია ვიცე პრემერის თანდასწრებით ასე უხამსად რომ იქცევიან და იმის ნაცვლად რომ მოახდინონ პროგრამის წარდგენა ხდება ცილისწამების გავრცელება. „-აცხადებს მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს დიმიტრი ხუნდაძე იყრის.

ამავდროულად, ცეზარ ჩოჩელის შესახებ დღეს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წინა შეხვედრებში ჩოჩელის შესახებ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც ”ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ ”ქართული ოცნების” მხარეს გადმოვიდნენ:

„ ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლაც შემეშალა…გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ავურიე გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....