„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს უპასუხა.
მისი თქმით, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრობას სთავაზობდა, ეს იყო სატყუარა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტებისთვის ხელი არ შეეწყო:
„ის არ დამაბრალოთ ახლა რომ ივანიშვილი მე მოვიყვანე და მე გეუბნებოდით 2012 წელს, რომ ხმა მიგეცათ მის მესიად გადაქცევას და მის აიათოლად გამოცხადებას. “,-განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტების“ ლიდერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს:
“ჩვენ დღეს სახეზე გვყავს გაერთიანებული „ნაცების“ და „ოცნების“ ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამჯერად, აგერ ნახეთ, მთელი „ნაცმოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ფრთებქვეშ ნებივრობს, დაწყებული „რესპუბლიკელებიდან“, გაგრძელებული ზვიად ძიძიგურის „კონსერვატორებამდე“. ესენი ხომ ყველანი „ნაცები“ იყვნენ „ვარდების რევოლუციაზე“, ხომ გახსოვთ, არა?” – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში და ამავე გადაცემაში კახი კალაძესთან დაკავშირებით თქვა, რომ ის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი იყო:
“ისევე, როგორც კახი კალაძე, ეს არის სააკაშვილის პირველი პროპაგანდისტი, რომელიც ჩვენი დარბევის შემდეგ, 2007 წლის ნოემბერში, როდესაც 2007 წელს “იმედში” შემოვარდა სპეცრაზმი და იავარქმნა ყველაფერი…” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პასუხად შეახსენა, რომ კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში უპირისპირდებოდა სააკაშვილს.
ნათელაშვილის შემდეგი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბიძინა ივანიშვილის მფარველობას უკავშირდება:
“ასევე ბიძინა ივანიშვილის ფრთებქვეშ ნებივრობს ყოფილი „ნაცი“, ხაშურის მაჟორიტარი ვალერი გელაშვილი. ივანიშვილის ფრთებქვეშ მოიპოვა ადგილი ჩოჩელმა. ენუქიძეც „ნაცებში“ არ იყო, კაცო? ბენზინმაფია? კახა ოქრიაშვილი ასევე „ნაცმოძრაობის“ დამფინასებელი და ერთ-ერთი თვალსაჩინო ბიზნეს-სახე იყო, ჩემი აზრით, კრიმინალსახე და არა მარტო ჩემი აზრით…
ასევე ხახუბია, რომელიც ახლა წამოაყენეს ფოთის მაჟორიტარად, ფოთის თევზის ქარხნის დირექტორი, რომელიც წამლავს ფოთელებს და ლეიკემია წავიდა ქალაქში. ის გახლავთ არა მარტო „ნაცი“, არამედ “ნაცმოძრაობის” დამფინანსებელი. მთავრობაში ხეჩიკაშვილი, სპორტის მინისტრი, „ნაცმოძრაობის“ დაფინანსებული საავტომობილო ტრანსპორტის ბაზრის დამფუძნებელი და ცნობილზე ცნობილი მაფიოზა ივანიშვილის მინისტრია, ისევე როგორც ბატონი კვირიკაშვილი „ნაცმოძრაობიდან“, მაშინდელი „მოქკავშირიდან“ იყო რეფორმატორების ახალი სახე და სააკაშვილის მიერ ნაქები, გაჯეჯილებული…“-აღნიშნა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ მედიაშეხვედრაზე „ლეიბორისტულ პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი უწოდა:
„ მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ”ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა- ”ლეიბორისტული პარტია”. დანარჩენებიც – ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ ”ნაცები”. – განაცხადა ივანიშვილმა.