ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მასფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად, არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეების წინ სწორედ ქუთაისში ფუნქციონირებდა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი – გელათის აკადემია.

„დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი“. და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. მისივე თქმით, მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“ და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მშენებლობის ადგილზე არსებული ბუნება სრულად იქნას შენარჩუნებული.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში გვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები. ბევრ მათგანთან უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა.დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც სახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქი უცხოელ სტუდენტებზეც იქნება გათვლილი, უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს მთავრობა უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განათლების სისტემა გახდეს თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული, სრულად იქნას გამოყენებული ადამიანური რესურსები ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს: მთავარ კამპუსს, რომელშიც გაერთიანდება სასწავლო სივრცეები, მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სტუდენტების და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურას, გასართობ და სარეკრეაციო ზონას.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება 140 ჰექტარ ფართობზე, შენობების საერთო ფართი იქნება 1 მილიონი კვადრატული მეტრი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება: ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერიის სხვადასხვა დარგები, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი ინტერდისციპლინარული თანამედროვე პროგრამები. ასევე შეთავაზებული იქნება სხვა დარგების საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხის სპეციალობები, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს სახელმწიფო.

ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იქნება თბილისში განლაგებული საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ადრონული თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მისი უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურით.

იტვირთბა....