საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გევენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც ის gurianews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, თუ მამუკა ახვლედიანმა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის და მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ რაიმე იცის, მან სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეატყობინოს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი მოსამართლე ასეთ რაკურსში საუბრობს…ის თუ ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს განცხადებები მან არ უნდა გააკეთოს მედიასთან, ეს განცხადებები უნდა გააკეთოს პროკურატურაში, თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს კონკრეტულ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა და მას ეს ფაქტები აქვს. ეს არ არის დღევანდელი დიალოგი, თუნდაც ჩემი გარჩევის საკითხი. ეს საკითხები უნდა გაირჩეს შესაბამის ორგანოებში და მათ ამაზე უნდა დადონ პასუხები. ამ შემთხვევაში თანამშრომლობის ვალდებულება ბატონ მამუკას ნამდვილად გააჩნია“, _ აცხადებს გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანმა “გურია ნიუსთან” ინტერვიუში მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარეშე პირების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსამართლეების ნაწილი გადაწყვეტილების შეთანხმებას მასთანაც ცდილობდა.
“ჩემთან სიები ამოჰქონდათ გადაწყვეტილებების შესათანხმებლად. მომდევნო კვირაში რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანათ. ამაზე ეს სასჯელი უნდა მივუსაჯო, ამაზე ეს სასჯელიო. პირველივე დღიდან ეს ავკრძალე. ვერცერთხელ ჩემთან ვერ შეათანხმეს ეს, თუმცა მცდელობა ჰქონდათ ამის. სიები მიდევს დღემდე იმ მოსამართლეების, ძალიან თავი რომ მოაქვთ დამოუკიდებელ მოსამართლეებად“, _ ამბობს ახვლედიანი და ეჭვობს, რომ “ალბათ, იგივე ხდება ახლაც”.
წყარო: gurianews.com