საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა ტელეკომპანია “რუსთავი 2-სა” და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. მისი თქმით, სანამ სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით პლენუმი არ იმსჯელებს, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
ტურავა ასევე ამბობს, რომ ტელესიუჟეტებით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. მან ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს თემაზე კომენტირებისას უთხრა.
„იმ ვითარებაში როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ, სხვადასხვა ტელესიუჟეტის მიძღვნა, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძნელი. ნებისმიერ ტელეკომპანიას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს შეიკავონ თავი,”- აცხადებს მერაბ ტურავა.