საფრანგეთის თავდაცვის მინისტმა ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტა.
მისი თქმით, ამ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია და თანამშრომლობა, ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდება.
”ცის და საჰაერო დაცვა, ქვეყნის სუვერენობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. როცა საუბარი ეხება დახმარებას, გეტყვით, რომ საქართველოს და ნატო-ს შორის არსებობს არსებითი პაკეტი, რაც ნიშნავს საჰაერო უსაფრთხოების სისტემების ადაპტირებას საქართველოსთვის. ამ საკითხში, საფრანგეთის როლი არის თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვის საკითხებში”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი მალე შესთავაზებს საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომ საქართველომ შეძლოს თავისი საჰაერო სუვერენობისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონა. მისივე განმარტებით, საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება, რომ ამ ყველაფერს თვალყური ადევნოს.