გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის ადმინისტრაციას ხვდებიან და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე კამათობენ.
ოფისთან, მხარდასაჭერად, პარტიის წევრებიც არიან შეკრებილები.
ცნობისთვის, ცესკოში, გაერთიანება „თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ, სამუშაო დღის ბოლომდე პარტიამ არ წარადგინა საარჩევნო სია:
“საარჩევნო ბლოკი თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლო, როდესაც შემოწმდა მათ მიერ წარმოდგენილი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები, დოკუმენტი და წერილი, რომელიც შემოიტანეს, არ ახლდა ამ დოკუმენტაციას პარტიული სია. საარჩევნო კოდექსით საარჩევნო სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.