აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

„მეტრონომის“ გამოკითხვა: რას უკავშირებს მოსახლეობა გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს?(ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=7dfQd_IuYEQ

ბოლო დროს მედიით ხშირად გვესმის გახშირებული კრიმინალური ფაქტების შესახებ. მდგომარეობა მას შემდეგ უფრო დამძიმდა, რაც გავიგეთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაში 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც გარდაცვლილმა დატოვა, წერია, რომ მას პოლიციელი გოდერძი თევზაძე ემუქრებოდა.

“პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა”- ნათქვამია დემურ სტურუას მიერ თვითმკვლელობამდე  დატოვებულ წერილში.

სტურუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ნაწამებია, მას  დაზიანებები ენასა და მარჯვენა ფეხზე აღენიშნება. თუმცა ამ საქმეში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე დღემდე მიმალვაში იმყოდება. მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, მას საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამ დრომდე მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ეს საზარელი ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა,  უფრო და უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას სცემეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადა.  დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს – დავით სტურუას.

მოგვიანებით ცნობილ გახდა, რომ ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.

ეს ამბავი მონელებული არ გვქონდა, რომ მედიით  ვაკეში მომხდარი მკვლელობა გავრცელდა. 2 სექტემბერს დღისით, მზისით, სოსო ჯოხაძე მოკლეს, რომელიც საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანზე გაჩერდა.

მედიაში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა, რომელიც თრილერის ჟანრის ფილმიდან ნაწყვეტს გავდა, თუმცა კადრები რეალურია, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ესვრის პირი სოსო ჯოხაძის მანქანას, რომელშიც გარდაცვლილი სოსო ჯოხაძის გარდა მისი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა.  ჩიბუხაშვილი შემთხვევის შედეგად გადარჩა და დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში გარდაცვლილის ძმა, გიორგი ჯოხაძეც იმყოფებოდა, თუმცა მას სროლისას დაზიანება არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს და მის ძმას კრიმინალური წარსული აქვთ. მათი სახელები სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე კი წარსულში ნასამართლევია, რომელიც სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა. მას აღნიშნულ საქმეზე პატიმრობა შეეფარდა.

ერთი კვირაც არ გასულა მომხდარი ამბის შემდეგ და ვაკეში მორიგი მკვლელობის შესახებ ვიგებთ. კვლავ დღისით, მზისით,  ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომელი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და მას რიგის დაკავებას სთხოვა. აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული ზესტაფონში დააკავეს.

მკვლელობების სერია არც ამით დასრულებულა, მორიგი სროლა იმავე დღეს, გვიან ღამით კვლავ ვაკეში მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ფეხის არეში დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომდევნო დღეს მედიით გორში დაჭრილი მამაკაცის შესახებ ვიგებთ, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

სანამ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია რომელიმე თრილერის ჟანრის ფილმიდან ნაწყვეტებს ემგვანებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოდებოდა. მივლინებიდან დაბრუნებულმა, საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.

მან ისაუბრა დემურ სტურუას საქმის შესახებ და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ ფაქტს, მან განაცხადა, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება და დასძინა, რომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი გამოწვევა მოახლოებული არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებაა.

„მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას – ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას!“- განაცხადა მინისტრმა.

რა თქმა უნდა, მრებრიშვილის განცხადებას შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც.

პარტია თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი ახალი არ უთქვამს და მან ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ მანკიერ მხარეებსა და პრობლემებზე, რომლებიც დღეს სამინისტროს აქვს.

პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერმა მინისტრს დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მიმალვის ფაქტი შეახსენა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან საკუთარ და სხვის პოლიციელებად დაყოფა.

„ეს განცხადება მთელი ინსტიტუტისთვის შეურაცხმყოფელია”-აღნიშნა ჯანდიერმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ კი  განაცხადა, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დაინტერესებული და მინისტრების განცხადებები ყოველთვის ადეკვატურია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უსაფუძვლო უწოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს:

„ის, რომ პოლიციელის საქმიანობა ნამდვილად უნდა იყოს დაფასებული და პოლიციელის მუნდირი უნდა იყოს დაცული, ეს რა თქმა უნდა, ცხადია. არ შეიძლება ამ პროფესიის დისკრედიტაცია და ამ მნიშვნელოვანი საქმის დისკრედიტაცია, რასაც ისინი აწარმოებენ.

ამაზეა აქ აქცენტი გაკეთებული. თუმცა, ეს ყველაფერი ახლავს იმას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, რომ ნებისმიერი ძალადობა თუ სხვა ტიპის დანაშაული სწრაფად უნდა იყოს გამოვლენილი.

პოლიციელი ვალდებულია, დროულად აღკვეთოს დანაშაული და სწორედ ჩვენ გვჭირდება ეფექტური, პოლიციელი რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს მაღალ დონეზე. ამაზეა საუბარი, მე არვიცი რატომ აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა მინისტრს რა არ მოეწონათ?“-განაცხადა მანანა კობახიძემ.

პოლიტიკოსების შეფასება გასაგებია, თუმცა არ ვიცით რას ფიქრობს საზოგადოება, რომლებსაც არსებულ ვითარებაში ცხოვრება უწევთ და სანამ სხვები ბჭობენ, ამასობაში ისინი  მსხვერპლად გვევლინებიან.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი, რას ან ვის აბრალებს ბოლო დროს მედიით გაჟღერებული კრიმინალური ფაქტების სიხშირეს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლითაც გაირკვა, რომ 100 გამოკითხულიდან 75% თვლის, რომ გახშირებული კრიმინალური შემთხვევები სწორედ ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია, 20%-ს მიაჩნია, რომ კრიმინალი ყოველთვის იყო, უბრალოდ ახლა მედია ამ ფაქტებს უფრო ხშირად აშუქებს, 5% -მა კი არ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო კვირებში მომხდარი საზარელი ფაქტები.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....