ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს(NAC) დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ნატოს გენერალურ მდივანმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ძლიერ თანამშრომლობას, რაც ალიანსსა და საქართველოს შორის არსებობს. მისი თქმით, ვარშავის სამიტი იყო საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საჭიროა გაძლიერდეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე ქვეყანას შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

„იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, სჭირდება საქართველოს და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომაც არის, რომ ხშირად შეიძლება ძალიან ხმამაღლა ვაგრძელებთ ნატოს კარზე კაკუნს. ეს არ არის ჩვენი ემოციური გადაწყვეტილება, ეს არის რაციონალური, პრაგმატული ანალიზის შედეგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ის არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. „ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვაცნობიერებთ. ამიტომაც, ვაგრძელებთ საჭირო რეფორმების გატარებას ყველა მიმართულებით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და ნატო ძალიან ბევრს იღებს საქართველოსგან და არა მარტო ავღანეთში. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვის შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატოსთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით.

საუბარი შეეხო ასევე, წინასაარჩევნო ვითარებას და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.

იტვირთბა....