ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახს პასუხობს. კალაძის თქმით თუ ოჯახს რაიმე მტკიცებულება გააჩნია მისი მხრიდან ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და თავად ვიცე-პრემიერი მოითხოვს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყოს.
”გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. ყოველთვის როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან ”მარშუტკების” ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან „ხუდონი“ ჩემი საკუთარი პროექტია, ახლა გავიგე, რომ თითქოს გორში, ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურები, რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი სიბინძურე. ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. მე ამ ოჯახს ადამიანურად თანავუგრძნობ, მეუღლეებს, დედას და თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, ამოიღონ სატელეფონო ზარები და მოვითხოვ, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელი გახდება. ვფიქრობ, ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით, მეც, საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად ამით დამანგრევენ, ეს არავის არ გამოუვა, რადგან მე, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი და ასეთი ცილისწამებებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს საქმიანობას, რასაც ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ”.- განაცხადა კახა კალაძემ.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე “მეტრონომთან” აცხადებს, კალაძე ხშირად უგზავნიდა გიორგი ფეიქრიშვილს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მას ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ.