იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ მიმართა. პროკურორის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.
დაცვის მხარემ კი მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, საერთოდ არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება, ალტერნატიულ შემთხვევაში კი შეეფარდებინა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.
ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ფეიქრიშვილს იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს.
დაკავებული ფეიქრიშვილის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმეში კახა კალაძის ოჯახის წევრები ფიგურირებენ.
გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო ფეიქრიშვილის მტკიცებით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ჭიჭინაძის წარმომადგენელი მათთან იმყოფებოდა და არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, შვილის გათვისუფლებას დაჰპირდა.
“მეტრონომთან” საუბარში დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ პოლიციას ადრეც ჰქონდა მცდელობა ფეიქრიშვილისთვის იარაღი ჩაედო. ოჯახის წევრის მტკიცებით დაკავების პროცესი დარღვევებით წარიმართა და ფეიქრიშვილის ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
“სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დაკავებულები (გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე) მოინახულეს და მათი თქმით ბიჭები ნაცემები არიან. გიორგიზე და ნოდარიზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა. მათ სურდათ ჩემს მეუღლეს ქვეყანა დაეტოვებინა. გიორგის ბევრი მეგობარი ჰყავს “ნაციონალური მოძრაობაში”. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ნასამართლებია სიცრუეა, რადგან სასამართლომ ის გაამართლა. ციხიდან გამოსვლის დღიდან დაიწყო ზეწოლა რომ ქვეყანა დაეტოვებინათ არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნების შემდეგ ჩამოსულიყვნენ. თავიდან გიორგი ფიქრობდა რომ წასულიყო ოქტომბერში საელჩოშიც ჩაეწერა, თუმცა ისინი ითხოვდნენ რაც შეიძება მალე დაეტოვებინა ქვეყანა. გიორგიმ შემდეგ უარი თქვა გერმანიაში წასვლაზე რადგან საკმარისი თანხა არ ჰქონდა ასე უცებ გადაფრენილიყო. ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეგვიძლია ასე მარტივად წავიდეთ ხოლმე სადმე”. -აცხადებს თათა ჩინჩილაძე.
დაკავებულის მეუღლე კახა კალაძის კავშირზეც საუბრობს და ამბობს, რომ ფეიქრიშვილზე წეზოლას კალაძის ცოლის ნახევარძმა ახდენდა.
“კახა კალაძის ცოლისძმის გიორგი არეშიძის ნახევრაძმა დედისმხრიდან, ის აგვარებდა გიორგის და ნოდარ ნიშნიაძის საწვლის საკითხს. მან უთხრა გიორგის რომ თუ ქვეყანას დატოვებდნენ სასამართლოში მათ საქმეს არ გაასაჩივრებდნენ, სააპელაციოში გასაჩივრებას გულისხმობდნენ. მოლოდინი ოჯახის წევრებს სულ გვქონდა რომ ჩაუდებდნენ. მაგრამ მაინც მქონდა იმედი რომ იარაღს აღარ ჩაუდებდნენ. მოლოდინი რომ არ მქონოდა წინადღით “რუსთავი 2″-ში დავრეკავდი?! შემოიჭრნენ ჩვენთან სახლში. ორდერიც არ ჰქონდათ და მითხრეს, რომ არც სჭირდებოდათ. მე მქონდა ორდერი, რომლის საფუძველზე არ შეეძლოთ ჩვენი ბინის ჩხრეკა, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ და ჩვენს თვალწინ ჩაუდეს გიორგის ავტომატი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, უსამართლობას.
ბიჭები რომ დააკავეს მათ არ მისცეს უფლება ადვოკატთან დალაპარაკების. იზოლირებული ჰყავდათ რამდენიმე საათი. ადვოკატმა ისინი მხოლოდ მეორე დღეს საღამოს ნახა. ამაზე საჩივარი გვაქვს შეტანილი”. -აცხადებს ჩინჩალაძე.
„მეტრონომი“ სახალხო დამცველის მოადგილეს ნათია კაციტაძეს ესაუბრა. კაციტაძის განცხადებით თავად დაკავებული ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მას სცემეს და ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი აპარატს არ გააჩნია. რაც შეეხება ადვოკატის საკითხს, კაციტაძის თქმით აღნიშნულ თემაზე აპარატი მოკლვლევას ახორციელებს.
„ჩვენ მოვინახულეთ ფეიქრიშვილი ისევე როგორც სხვა ორი დაკავებული. ფეიქრიშვილი ამბობს, რომ დაკავების დროს სცემეს, თუმცა სხეულზე მას დაზიანებები არ ჰქონია. ჩვენ მხოლოდ გვაქვს თვითონ ფეიქრიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ მას სცემეს. სხვა დამატებითი რაიმე მტკიცებულება არ გვაქვს. დათვალიერების ოქმებში დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არის. რაც შეეხება ადვოკატის არ შეშვების ფაქტზე ფეიქრიშვილის განცხადებას ამ საქმეს ჩვენი აპარატი სწავლობს. იზოლატორიდან ამოვიღეთ მასალები, ადვოკატის შესვლის ოქმები და სხვა დოკუმენტები. ახლა ვცდილობთ ამ საკითხის გადამოწმებას, რადგან ადვოკატის შესვლის ფაქტი დოკუმენტურად უნდა დასტურდებოდეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის შესწავლა და მხოლოდ დოკუმენტების შესწავლის შემდგომ გავაკეთებთ საქმის შეფასებას. რადგანაც დაზიანებების შესახებ გაკეთებული განცხადება დოკუმენტურად არ დასტურდება, ჩვენ მხოლოდ პროკურატურას მოვუწოდეთ საქმით დაინტერესდნენ“.-აცხადებს კაციტაძე.
მარიამ ვარადაშვილი