ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

საქართველოს ბანკში გენერალური დირექტორი შეიცვალა

საქართველოს ბანკმა, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განცხადება გავრცელა:

„ საქართველოს ბანკს კახაბერ (კახა) კიკნაველიძე უხელმძღვანელებს. კახა კიკნაველიძე შეცვლის მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს. მურთაზ კიკორია 2008 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. საქართველოს ბანკის გუნდი დიდ მადლობას უხდის მურთაზს მისი ღვაწლისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

 

კახა კიკნაველიძემ კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში. 2008 წლიდან დღემდე, კახა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე, კახა ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“, საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანიის, სამეთვალყურე საბჭოს წევრი. კახა ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამ პოზიციას კახა დატოვებს 2016 წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო მურთაზს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან ჯგუფის განვითარებაში შეიტანა მას მერე რაც შემოუერთდა ჩვენს გუნდს 2008 წელს, მათ შორის ჯანდაცვის ბიზნესის გენერალური დირექტორის რანგში 2012-2014 წლებში და სულ ბოლოს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მურთაზს მის შემდგომ საქმიანობაში.

 

აქვე, მსურს მივულოცო კახას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნა. კახა საქართველოს ბანკს საინტერესო დროს უერთდება, როდესაც ბანკს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს წარმატებით მიღწეული ზრდა და კიდევ უფრო განავითაროს მისი საცალო და კორპორატიული საბანკო მომსახურება. მე დიდი ხანია ვიცნობ კახას და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას მისთვის ახალ პოზიციაზე,“ -განაცხადა ირაკლი გილაურმა, საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა.

 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნისას, კახა კიკნაველიძემ განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა მოღვაწეობა გავაგრძელო ბანკში, აღმასრულებელ როლში. ვთვლი, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“, რომლის წევრიცაა საქართველოს ბანკი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ორგანიზაციაა და ჩემთვის პატივია შევუერთდე მის მმართველ გუნდს და ბანკი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. საქართველოს ბანკს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს და მე მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოსთან, „ბიჯეო ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვისა და ჩვენი ყველა სტრატეგიული პრიორიტეტის განხორციელებისთვის“.

იტვირთბა....