კონკურენციის სააგენტო სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყავის პროდუქციაზე კონტროლის გამაცრებას სთხოვს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ყავის ბაზრის მონიტორინგი 2014 წელს სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
“ყავის სასაქონლო ბაზრებზე (ნალექიანი/ხსნადი) მონიტორინგის წარმოების პროცესში მოწვეული ეკონომიკური აგენტები, ყავის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ცალსახად ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ცალკეული ეკონომიკური აგენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყავაში სხვადასხვა მინარევების დამატებას. ასეთი მინარევი შესაძლებელია ყოფილიყო ბარდა, მუხუდო, სოიო და სხვა. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში არ იყო ინფორმირებული, შეფუთვის დროს შესაბამისი ინგრედიენტების შესახებ ეტიკეტზე მითითება არ კეთდებოდა. ისინი ასევე არ გამორიცხავდნენ პროდუქციის ფალსიფიცირების ფაქტების არსებობასაც.
აღსანიშნავია რომ პროდუქციის შემცველობის კონტროლი ანდა მისი ფალსიფიცირების ფაქტების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად სცილდება სსიპ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგში გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის დეკემბერში წარედგინა შემდეგი რეკომენდაციები:
- გამკაცრდეს ყავის პროდუქტებზე ფიტოსანიტარული კონტროლი;
- უზრუნველყოფილ იქნას პროდუქტებში კონცენტრატების შემცველობის სისტემატიური და ეფექტური კონტროლი;
- მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გაუმჯობესდეს პროდუქციის ეტიკეტირების წესებისა დაცვის მონიტორინგის პროცესი“, – ვკითხულობთ კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციების გაცემა ერთ მხრივ ემსახურებოდა მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ბაზრის მონაწილე სუბიექტების მხრიდან დასმული ფალსიფიცირების შესაძლო ფაქტების გამორიცხვის მიზნით კონტროლის გაძლიერებას.
“როგორც მონიტორინგის შემდგომმა პერიოდმა წარმოაჩინა, კონკურენციის სააგენტოს ვარაუდი ყავის ბაზარზე შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით დადასტურდა. კერძოდ, მ/წ აგვისტოს თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი (იხ. მიბმული ფაილი).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ელექტრონულად გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას. მიღებული პროდუქციის რეალიზაცია კი ხდებოდა როგორც ნატურალური ყავა, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის ზემოაღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად ამოღებულია და მიმდინარეობს გამოძიება”. – განმარტავენ სააგენტოში.