ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკავებული ფეიქრიშვილი: “ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო”

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრლდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმა მისი დაკავების დეტალები სასამართლო სხდომაზე გაიხსენა. ფეიქრიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, დედას, სიდედრს და ეს ყველაფერი მისი 9 წლის შვილის თვალწინ მოხდა.

“ჯერ რაღაცა დაარტყეს კარს და შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა მე არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემოდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი. მერე ვითომ არაფერი, ერთ ათ წუთში იპოვეს იარაღი და დამიწყეს ლაპარაკი – ეს რითი დადიხარ, რა არის და ა.შ” განაცხადა ფეიქრიშვილმა.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე უსაფუძვლოდ დააკავეს და ჩაუდეს 1885 წლის ნაგანი. ფეიქრიშვილი ასევე იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მისი მისამართით ისმოდა.

“ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო. მეუბნებოდნენ, სისტემას ეჯახები რახან არ მიდიხარო. როგორ წავსულიყავი ასე უფულოდ? არ გამაჩნია არავითარი სახსრები. ვაპირებდი წასვლას. ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, გერმანიის მოქალაქეა და მასთან ვაპირებდი წასვლას ლეგალურად. ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ მაცადეს. ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი. არც დაელოდნენ ერთი წლის გასვლას მაინც. ჩამიდეს ნაგანი, აკაესი და ბოლოს ალბათ ტანკსაც ჩამიდებენ სახლში”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ,  გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

იტვირთბა....