ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როგორია აგვისტოს თვის ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგი ექსპერტთა შეფასებით (ცხრილი)

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” განაგრძობს წინასაარჩევნო პროექტს. პროექტის მიხედვით 10 ექსპერტი წინასწარ სპეციალისტების მიერ შედგენილი კრიტერიუმებით  ძირითად პოლიტკურ აქტორებს აფასებს, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.

აგვისტოს თვის შედეგები უკვე დევს ჩვენს საიტზე. ხოლო სექტემბრის უკვე შემაჯამებელ მონაცემებს მკითხველი  5 ოქტომბერს არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე გაეცნობა.

“მეტრონომის” პროექტის ფარგლებში შერჩეულ ექსპერტებს ყოველი თვის ბოლოს, ეგზავნებათ სპეციალური ცხრილები, გამოკითხვაში მონაწილე პოლიტიკოსთა სიით. ექსპერტები აფასებენ მოცემულ თვეში, ყველა პოლიტიკოსის პოლიტიკურ აქტივობას 10-ბალიანი სისტემით,  ცხრილში მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერტები „მეტრონომის“ რედაქციას უგზავნიან შევსებულ ცხრილს. რედაქციაში ხდება ათივე ექსპერტის მიერ გამოგზავნილი შედეგების დაჯამება და დგინდება მიმდინარე თვის პოლიტიკოსთა საბოლოო რეიტინგი.

პროექტში მონაწილე 10 ექსპერტია: პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე,  პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზვიად დევდარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნოდარ ხარშილაძე, ჟურნალისტი კობა ბენდელიანი.

ექსპერტები წინასაარჩევნოდ 10 პარტიის ლიდერ პოლიტიკოსებს აფასებენ.

პოლიტიკოსები:

1 – გიორგი კვირიკაშვილი („ქართული ოცნება“),

2 – დავით ბაქრაძე („ნაციონალური მოძრაობა“),

3 – ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“),

4 – პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“),

5 – შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული მოძრაობა“)

6 – დავით უსუფაშვილი („რესპუბლიკური პარტია“),

7 – ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“),

8 – ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“),

9 – ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“ )

10 – კახა შარტავა(„ეროვნული ფორუმი“)

ექსპერტების მიერ პოლიტიკოსთა ყოველთვიური რეიტინგის შეფასებისას, რედაქციის მიერ შეთავაზებული მთავარი კრიტერიუმებია:

1- საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა:   კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად აქტიურობს პოლიტიკოსი, რომ მოიცვას მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ფართო მასას მიაწოდოს ის მესიჯები, რომელიც მას სურს.

2 – მედიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია:  კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად ხშირად ჩანს პოლიტიკოსი მასმედიის ამა თუ იმ საშუალებებში. იმის გარდა რომ მედია თავად ცდილობს დაუკავშირდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს და ამასთან, მაქსიმალურად დაიცვას პარიტეტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რამდენად აქტიურია თავად პოლიტიკოსი მედიასთან ურთიერთობის დამყარებაში, მიაწოდოს მისთვის სასარგებლო საინტერესო ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოს მისი პერსონა.

3 – პოლიტიკური შარმი (იმიჯი):  კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ პოლიტიკოსი რამდენად მიზანმიმათულია და ფორმირებადი სახეა, რამდენად მიდრეკილია ის აჩვენოს განსაზღვრული ემოციურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება ელექტორატს შეხვედრების თუ მედიაში წარდგენის დროს, რამდენად არის ის პოლიტიკური მარკა და რამდენად ახერხებს საზოგადოებაში დაიმკვიდროს პოზიტიური იმიჯი, რომელიც მან და მისმა PR სპეციალისტმა უნდა ჩაუბეჭდოს ამომრჩეველს ცნობიერებაში. მეორეხარისხოვნად, მაგრამ ამ კრიტერიუმში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, იგულისხმება მისი გარეგნობაც, ჩაცმულობაც, საუბრის მანერაც და ემოციური მხარეც კრიტიკისა თუ შექების დროს, რომელCიც, საბოლოო ჯამში, ქმნის მის საბოლოო შარმს და იმიჯს საზოგადოებაში. იმ თვისებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმოჩენა რამდენად ანიჭებს პოლიტიკოსს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მისი პერსონის აღქმას.

4 – საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზებული და დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად. რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი და მისი საარჩევნო შტაბი შეხვედრების ორგანიზებას (აქსესუარების, ფლაიერების დარიგება). რამდენად სწორად არის დაგეგმილი ზოგადად PR კამპანია მედიაში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში, რამდენად ეფექტურად არის შერჩეული სარეკლამო პროდუქციის გავრცელების მასშტაბები/არეალი. ამასთან, რამდენად სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად არის განთავსებული სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და პლაკატები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში.

5 – მესიჯების და აქცენტების ეფექტიანობა პოლიტიკური პროგრამიდან: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოსახლეობასთან შეხვედრების თუ მასმედიაში გამოსვლის დროს. რამდენად სწორ აქცენტებს აკეთებს ის საარჩევნო პროგრამიდან და როგორი კრეატიულობით აწვდის ის მოსახლეობას სასარგებლო მესიჯებს. ამასთან, რამდენად კრეატიული, შინაარსიანი და მიზანმიმართულია ის მესიჯები და სლოგანები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებზე და პლაკატებზე.

ექსპერტების მიერ შეფასებული კონკრეტული პოლიტიკოსის ქულების გამოქვეყნება არ ხდება, მათი უმრავლესობის თხოვნიდან გამომდინარე. მათ მიერ შეფასებული ქულების მიხედვით, რედაქცია პოლიტიკოსების საერთო, საბოლოო რეიტინგს გთავაზობთ.

აგვისტოს თვეში პოლიტიკოსთა რეიტინგი ასე გამოიყურება :

premm

როგორც ცხრილიდან  ჩანს, ათმა ექსპერტმა კრიტერიუმების მიხედვით პირველი ადგილი გიორგი კვირიკაშვილს მიანიჭა 247 ქულით.

მეორე ადგილს დავით უსუფაშვილის  იკავებს  245 ქულით. სამეულში მოხვდა ირაკლი ალასანიაც 237 ქულა. მეოთხე ადგილს შალვა ნათელაშვილი იკავებს 211 ქულით. დავით ბაქრაძე მეხუთე ადგილზეა და მას 209 ქულა აქვს. ბაქრაძეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მოჰყვება 195 ქულით. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჯამში 187 ქულის მიღება შეძლო. “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის პოზიციები აგვისტოს თვის რეიტინგში გაუარესდა და მან ჯამში 184 ქულა მიიღო. ბოლო ადგილებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 167 ხმით და “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა 106 ხმით იკავებენ.

აგვისტოს თვის მონაცემების მიხედვით პირველი სამეული უცვლელია.  პირველ ადგილს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი იკავებს. მას მოსდევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია.

მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა რეიტინგში მდგომარეობა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. აგვისტოს რეიტინგში ის მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, უნდა აღვნიშნოთ რომ ექსპერტებმა თითოეული პოლიტიკოსი ივლისის თვესთან შედარებით შედარებით დაბალი ქულებით შეაფასეს.

პრემიერ კვირიკაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ექსპერტებმა  აგვისტოს თვეში 52 ქულით დაუწერს, რაც ივლისის თვესთან შედარებით საკმაოდ დაბალია. იგივე ითქმის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ დავით ბაქრაძეზე რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით დაბალი შეფასება აქვს.

რაც შეეხება მედიასთან კომუნიკაციას რაც წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველაზე მაღალი შეფასება “მეტრონომის” მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა უსუფაშვილს მისცეს. შესაბამისად აგვისტოს თვეში მედიასთან ურთიერთობის კუთხით ყველაზე მაღლი შეფასება “რესპუბლიკელების” ერთ-ერთ ლიდერს აქვს.

პოლიტიკური იმიჯის კუთხით პოზიციები აგვისტოს თვეში გაიმყარა ნათელაშვილმა და მას საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს. რასაც ვერ ვიტყვით დავით ბაქრაძეზე, რომელმაც რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩამოინაცვლა.

საარჩევნო კამპანიის ორგანიზების კუთხით აგვისტოს თვეში ექსპერტებმა თითქმის ყველა სუბიექტი შედარებით ნაკლები ქულებით შეაფასეს.

რაც შეეხება ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, სწორ აქცენტებს პოლიტიკური პარტიის პროგრამიდან, ექსპერტებისთავის ალასანია და მისი სოციალური დაპირებები უპირობო ლიდერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსთა შეფასებები იმ კრიტერიუმებით რაც “მეტრონომმა” პროფესიონალებთან ერთად შეიმუშავა ძალიან ხშირად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პარტიების იდეოლოგია, სტრუქტურა და მთლიანად საარჩევნო პოლიტიკა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას. მაგალითისთვის, აშშ-ში წინასაარჩევნოდ “დემოკრატების” და რესპუბლიკელების” პროგრამები შეაფასებს ექსპერტებმა.

გამოკითხვა ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს და საზოგადოებას საშუალება ექნება, არჩევნებამდე, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვში, ჩვენს საიტზე იხილოს ახალი რეიტინგი და გაიგოს, პოლიტიკოსთა აქტივობის მიხედვით, შეიცვლება თუ არა მათი ქულები და შესაბამისად, რეიტინგი.

იხილეთ ივლისის და აგვისტოს თვის რეიტინგები

იტვირთბა....