ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი ივანიშვილს პასუხობს: „ეს ჭორების აყოლაა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე“

“ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად აღმოჩნდა ჭორების გამავრცელებელი მანქანის მსხვერპლი და ამასვე უკეთებს ტირაჟირებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ამით ის  „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში საუბრობს მხოლოდ ერთ პარტიაზე და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე, სხვა პარტიებს აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი როგორც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და მისი გამარჯვება-წარმატებისთვის მოღვაწე, ამ როლშია ახლა და მე არ მიკვირს, რომ ის სხვებს აკრიტიკებს. მე მიკვირს ერთადერთი რამ ამ კომენტარებში, რომელიც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი და დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე. რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე წერილობით უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივ მიდგომებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობაში ბიძინა ივანიშვილთან საათები აქვს გატარებული, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ამას საჯაროდაც გააკეთებს.

„ეს არ ეხება ბიძინას, დათოს, გიორგის, ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას, ამიტომ მე უახლოეს დღეებში, ალბათ, წერილობით შემოგთავაზებთ ჩემს ხედვებს იმასთან დაკავშირებით, რა გეგმა გვქონდა, რა წავიდა სწორად ქართული სახელმწიფოს განვითარების ნაწილში, რა არის დღეს ხიფათები ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის და რაში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მე და ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

იტვირთბა....