ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით,  ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ  სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ გამოიყენებს:

 

„ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალდება არის მოგონილი, აბსურდული და ძალიან სუსტი. არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გარდა იმისა, რომ ვითომდა ოპერატიული შეტყობინებაა შესული, არ ყოფილა. ბრალდება არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენებს ნაკლებად მძიმე სასჯელს და არა პატიმრობას“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას შესაძლოა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მომხდარი სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან ჰქონდეს კავშირი. თუმცა  ინფორმაციას   ბრალდებულის ადვოკატი უარყოფს.

იტვირთბა....